ხელისუფლება გაქცევის რეჟიმზე გადავიდა - ამბობს ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, რომელიც "ქართული ოცნების" ახალ სტრატეგიას აფასებს, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის ლიდერები კრიტიკულ მედიას ბოიკოტს უცხადებენ.
მელაძის თქმით, ხელისუფლების პიარ-სტრატეგიის მიუხედავად, "ტვ პირველი" ისევ დასვამს კრიტიკულ კითხვებს და ხელისუფლებას ყველგან შეახსენებს, რომ 53 რეპორტიორის სასტიკად ცემის ორგანიზატორები ისევ თავისუფლად გადაადგილდებიან.
ხელისუფლება დღეს მედიაიერიშის ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენ ვნახეთ ტელესერიალი - "გაქცევა". ისინი გარბიან ჟურნალისტებისგან, რადგან ჩვენს კითხვებზე პასუხები უბრალოდ არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ პასუხი კითხვაზე, როცა ჟურნალისტი ინტერესდება, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სათანადოდ გამოიძიოს ის საქმეები, რომელიც ეხება 50-ზე მეტი ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ, ჯგუფურად, წინასწარ მომზადებულ, განზრახ შეცნობით მომზადებულ დანაშაულს.
სად არიან ორგანიზატორები, რომლებიც მედიაზე ძალადობის ბრძანებს გასცემდნენ. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენს გვერდით. ამ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და აირჩიეს გაქცევის გზა. უბრალოდ ეშინიათ თავისუფალი ჟურნალისტების კითხვების"- აცხადებს მელაძე.
არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს რომ "ტვ პირველს" მმართველი პარტიის წევრების შეფასების ეთერში გაშვებაზე უარი არასდროს უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებელი სწორედ "ქართული ოცნებაა".
იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაა სწორედ პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც ჩვენ ვნახეთ - მასობრივი ძალადობა ჟურნალისტებზე, როცა მან უბრალოდ არ დაიცვა მედია, ჩვენ ერთი წუთითაც არ გვიფიქრია, ისინი ეთერში არ მოგვეწვია, ან მათი ინტერვიუები ეთერში არ გაგვეშვა. პირიქით, ჩვენ ვაჩვენებდით მაყურებლებს ყველაფერს, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ მათ აირჩიეს გაქცევის გზა, რომელიც გამოწვეულია კრიტიკული კითხვების შიშით",- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
ჟურნალისტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელსიუფლებას "ტვ პირველის" რელსებიდან გადახვევა არ გამოუვა:
მედია ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. ხელისუფლების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ჩვენ უბრალოდ გავჩუმდეთ და რელსებიდან გადაგვიყვანოს. ჩვენ ვიქნებით ეთერში ისეთივე მწვავე კითხვებით, ისევ ჩავატარებთ ხმაურიან ჟურნალისტურ გამოძიებებს, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ელოდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ შევახსენებთ, რომ მათ საქართველოში 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი ჩაიდინეს და ამ ძალადობის შემდეგ არ დასაჯეს დამნაშავეები. ჩვენთან ერთად ყოველთვის იქნება ლექსო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პასუხი მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, ვინც ასე სასტიკად გაუსწორდა ჩვენი ტელევიზიის ოპერატორს. ეს იქნება აქცია, ეს იქნება პერფორმანსი, ეს იქნება ეთერში გაჟღერებული მოთხოვნები, მაგრამ ის იქნება ყოველთვის ჩვენთან ერთად"- თქვა ნოდარ მელაძემ.