ვახო სანაია - ჩხრეკა არაფერს ნიშნავს, სანამ ყველას არ დააკავებენ, ვინც დარბევას ხელმძღვანელობდა - მთავარი მოთხოვნაა, პრემიერის გადადგომა

16 Jul 2021 17:23

ჟურნალისტი ვახო სანაია კოლეგებს ხვალ, პარლამენტთან დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სანაია აცხადებს, მთავარი მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა და მას „მხოლოდ ამ პატარ-პატარა ბარტყების გადმოყრა“ არ უშველის.


„ხვალ, 18:00 საათზე, კვლავ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით, მედიის ორგანიზებით ტარდება ეს აქცია. ყველას მოვუწოდებთ, მოვიდნენ, გეგმების შესახებ იმ აქციაზე მოვყვებით. რაც შეიძლება, მეტი ადამიანი უნდა იყოს იქ, ხელისუფლება კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც უკან იხევს, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ისეთია, როგორიც ქართული საზოგადოებისთვისაა საჭირო. ხელისუფლებას უწევს თავისი ორგანიზებული ჯგუფების წარმომადგენლების დაკავება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩხრეკა არაფერს ნიშნავს, სანამ არ დააკავებენ ყველას, ვინც ხელმძღვანელობდა ადგილზე დარბევას. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომაა. მას არ ეყოფა მხოლოდ ამ პატარ-პატარა ბარტყების გადმოყრა, საჭიროა, მისი პასუხისმგებლობა.


ევროკავშირის განცხადებას თითქმის ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი, ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ საინტერესო მინიშნება იყო - ჩვენ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის გადადგომას. ნებისმიერ ადგილზე, სადაც მთავრობის წარმომადგენლები გამოჩნდებიან, მათ ექნებათ დისკომფორტი, რადგან ჟურნალისტური კორპუსი დარაზმულია და რაც ხელისუფლებამ გააკეთა, არ შერჩება“, - განაცხადა სანაიამ.


თუ რა სამოქმედეო გეგმა აქვთ ჟურნალისტებს და პროტესტის როგორ ფორმებს მიმართავენ მომდევნო დღეებში, აღნიშნულთან დაკავშირებით, სანაიას თქმით, განცხადებას ხვალიდენლ აქციაზე გააკეთებენ.


„გვაქვს გეგმები, რომლის შესახებაც წინასწარ ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ხვალ საზოგადოება საქმის კურსში იქნება. რეგიონებიდან ვისაც სურვილი ექნება, რასაკვირველია, ამ აქციას შემოუერთდება, თუმცა, თავად რეგიონებშიც ძალიან აქტიური არიან ჩვენი კოლეგები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სანაიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი