ცოლიანი კაცის სიყვარული, განშორება, 14-წლიანი თანაცხოვრება და „უშვილობა“ - თამუნა ამონაშვილის პირადი

16 Jul 2021 19:46

2 000-იანი წლების ტოპ მომღერლებში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი თამუნა ამონაშვილი გახლდათ. იყო დრო, როდესაც მისი სიმღერები ხალხმა ზეპირად იცოდა. თამუნა ახლაც ბევრისთვის საყვარელი მომღერალია და მის შემოქმედებას სიამოვნებით უსმენენ.

დღეს სწორედ მის პირად ამბავზე გიამბობთ, რაზედაც მომღერალი ჟურნალისტებთან გულწრფელად საუბრობს.


ბავშვობა

მახსოვს, ძალიან მიხაროდა ზაფხულობით კახეთში, ჩვენს სოფელში – შილდაში ჩასვლა. დავრბოდით აქეთ-იქით ფეხშიშველები, ვიპარავდით ხილს, ვატარებდით კონცერტებს. ასევე ვისვენებდით სხვაგანაც, მთაში თუ ზღვაზე.


ბავშვობიდან მქონდა სმენა და დედამ გადაწყვიტა, მუსიკალურ სკოლაში მივეყვანე. მაღალი ბავშვი ვიყავი, გრძელი ხელებით და ვიოლინო დამაჭერინეს ხელში. 11 წელი ვსწავლობდი და შემდეგ კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, მთელი ცხოვრება ვიოლინოს ყუთით უნდა მევლო და ყოველდღიურად მემეცადინა, გამოცდაზე აღარ გავედი. სახლში მოვიტყუე, ჩავიჭერი-მეთქი. დედა გაგიჟდა – ხუთი წლიდან ვიოლინოზე ვსწავლობდი. მერე ვთქვი, რომ თეატრალურში მინდოდა, ერთი თვე ვემზადებოდი და ხუთებზე ჩავაბარე მუსკომედიაზე.


პირადი

მომავალი მეუღლე, სულ რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე ერთ-ერთი თავისი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.


ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა.

ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახვა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი.


ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს.


მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას.

უშვილობა

მომღერალი ნანობს, რომ შვილი არ გააჩინა.

„გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემ კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს…


სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც“, - განაცხადა მომღერალმა გადაცემა „პროფილში“.


ინტერვიუს ნაწყვეტი:

- „მენატრების“ ძალიან რომანტიკული ისტორია აქვს. მაშინ დაწერეთ, როცა ძალიან დიდ სიყვარულს დაშორდით, რადგან საქმე დაოჯახებულ ადამიანს ეხებოდა.
– კი. თან ეს პრობლემები, თან შეყვარებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. დარდი კი მქონდა, მაგრამ სიყვარულიდან გამომდინარე, ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი. ისე მიყვარდა, რომ მასზე რაღაც ცუდი გავიგე და ისე იმოქმედა ამან, რომ გული წამივიდა და კიდევ კარგი, მეგობრებთან ერთად ვიყავი. ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ და ძალიან ძლიერი სიყვარული ვიცი.


– მაგრამ ძლიერი ხართ, გადაწყვიტეთ, რომ ეს ურთიერთობა დაგესრულებინათ და შეძელით კიდეც.
– ლოცვამ შემაძლებინა. ზუსტად სამი თვე ყოველდღე დავდიოდი ეკლესიაში და უფალს ვევედრებოდი, რომ ეს ადამიანი აღარ მყვარებოდა. შინაგანად ვიტანჯებოდი ამ მდგომარეობით და აღარ მინდოდა. კარგად გავაცნობიერე, რომ დაოჯახებულ ადამიანს არ შეიძლება, შეეხო. გონებით ვიცოდი, რომ ეს არ იყო კარგი, მაგრამ გულს ვერაფერს ვუშვრებოდი. ამიტომ მჭირდებოდა ლოცვა და უფლის წინაშე დაჩოქება. მართლაც, სამი თვის შემდეგ, მახსოვს, კონცერტზე ვიდექი, სიმღერა დავამთავრე და უცებ ვიგრძენი, რომ ეს ადამიანი აღარ მიყვარდა, თავისუფალი ვიყავი. ეს საოცარი შეგრძნება იყო.

– თან თავიდან არ იცოდით, რომ ოჯახი არსებობდა...
– რომც იცოდე, გრძნობა ისეთი რამაა, წინ ვერავინ გადაუდგება. მაგრამ ღმერთმა გონება და გული ერთად იმიტომ მოგცა, რომ გონებით რაღაცის დათრგუნვა უნდა შეძლო. დრო რომ გადის, მერე ფიქრობ, რატომ აკეთებდი ამას, იმწუთას კი ვერაფერს გრძნობ. სიყვარული ბრმაა, ამიტომ ვერაფერს აკეთებ და დრო გჭირდება, რომ ყველაფერს სხვანაირად შეხედო.


რუსეთში მოღვაწეობა

სულ მაქვს გეგმები დიზაინერობასთან დაკავშირებით. მოსკოვში თავიდან ამ საქმით დავიწყე, მაგრამ შემდეგ კონცერტების გამო ვეღარ შევძელი გაგრძელება. ბენდთან ერთად ვმუშაობდი. ძალიან დატვირთული პერიოდი იყო. ენაზე ვალერიანს ვისხამდი, რომ გული არ წამსვლოდა. რუსეთში დარჩენა არ მიფიქრია, უბრალოდ, იმ პერიოდში ვაპირებდი იქ მუშაობას. ყველა ენაზე ვმღეროდი. წარმატებებიც გვქონდა, ჩემი მსმენელი მყავდა და დღემდე ბევრი მეგობარი მყავს იქ, ბევრი რამ მომიტანა მოსკოვმა როგორც შემოქმედებითად, ისე ადამიანურად. ისიც კი გავარკვიე, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოყვარე. ემიგრაცია ბევრს გაჩვენებს.


ბიზნესი

ბათუმში მაქვს აპარტამენტი, რომელსაც მუდმივად ჰყავს თავისი კლიენტი. ამ ბიზნესმა იმდენად გამიტაცა, კიდევ მინდა, მშენებლობა წამოვიწყო. ტანსაცმლის დიზაინერობა ჩემი მეორე პროფესიაა. ადრე კარგად ვუთავსებდი სიმღერას და დიზაინერობას, ყოველთვის მინდოდა, ჩემი სამოდელო სამკერვალო სტუდია მქონოდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. მიტაცებს სახლის დიზაინის შექმნა, ჩემი სახლი სულ ჩემი გაკეთებულია.



digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი