“გუშინ ლინჩის წესით, დაუსწრებლად გამასამართლეს და განაჩენიც გამომიტანეს” – თორნიკე შარაშენიძე

16 Jul 2021 20:33

პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:

“მეგობრებო, გუშინ ერთ-ერთ ვოლზე ლინჩის წესით, დაუსწრებლად გამასამართლეს და განაჩენიც გამომიტანეს.


მიზეზი იყო ინტერვიუ რომელიც რამდენიმე დღის წინ ნაცნობ რუს ჟურნალისტს მივეცი. დაახლოებით 10 წუთი ვილაპარაკეთ და ზუსტად ის ვთქვი რასაც ბოლო ერთი კვირა ვლაპარაკობ ქართულ მედიასთან (ოღონდ ჟურნალისტს უფრო აინტერესებდა მოხდებოდა თუ არა ახალი რევოლუცია ან თუნდაც გადადგებოდა თუ არა მთავრობა): რომ ოცნება ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში ანტიმიშისტი მეტია ვიდრე მიშისტი. რომ პროტესტის მიზეზი სრულიად გასაგებია, მაგრამ ამავე დროს საპროტესტოდ დიდი მასა არ გამოსულა და შესაბამისად მთავრობა არ გადადგება. კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ამ ათწუთიანი საუბრიდან ჟურნალისტმა ის ფრაზები ამოარჩია რომელიც ოპოზიციის პრობლემებს უსვამს ხაზს. პრაიდის თემას რაც შეეხება აქ მე რაც მახსოვს მგონი მხოლოდ ის ვთქვი რომ სისულელეა ბრალდება რომ პრაიდის და მითუმეტეს ჰომოფობების უკან სააკაშვილი დგას-მეთქი. ნუ, გასაგებია. რუსებს მიშა არ უყვართ და ამიტომ მთელ ოპოზიციას მტრულად უყურებენ. რბილად რომ ვთქვათ არც პრაიდზე გიჟდებიან. რევოლუციებზე ხომ ალერგია აქვთ. ჰოდა…


ზოგმა მისაყვედურა რუსულ მედიასთან ურთიერთობა რომ მაქვს. გასაგებია, მაგრამ მე რუსეთის პოლიტიკას ვსწავლობ და იქაურ მედიასთან და პოლიტოლოგებთან კონტაქტი მჭირდება. სხვაგვარად არ გამოდის.


მადლობა მათ ვინც არ აყვა ჩემს სტაჟიან “კეთილმოსურნეს” რომელმაც ააფრიალა სქრინშოტი და ლინჩი მოაწყო. არადა, ეს მოლინჩეები ხომ ის ხალხია რუსებს რომ ფეიკების კეთებაში ამხელს და ყველანაირ ძალადობას გმობს.

P.S. ვაღიარებ რომ “კეთილმოსურნეებმა” დრო კარგად შეარჩიეს.”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი