როდის ჩნდება და რისი მანიშნებელია ბინაში ქინქლების დიდი რაოდენობა და რატომ უნდა გააკონტროლოთ თქვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, თუ ჭიქაში ჩავარდნილი დროზოფილი გადაგეყლაპათ

17 Jul 2021 21:04

ზაფხული ძალაში შევიდა, ქალაქსა თუ სოფლად უკვე ძალიან ცხელა და შესაბამისად, მწერებიც გააქტიურდნენ. ყველა სახლში ფანჯრები ღიაა და ნათურის ირგვლივ უამრავი მწერი ფარფატებს. კოღო, ქინქლა, ღამის პეპელა - ყველა ერთად მიილტვის სინათლისკენ, თუმცა არც ჩვენ გვტოვებენ უყურადღებოდ და „გემოსაც“ ხშირად „გვისინჯავენ“. მაგრამ ამჯერად კოღოს თუ სხვა მწერთა ნაკბენზე არ გვექნება საუბარი, განვიხილავთ, ხალხური მინიშნებების მიხედვით, რა შეიძლება გვანიშნოს ქინქლამ: თუ თვალში ჩაგვივარდა, ბინაში მომრავლდა ან ფინჯანში ამოყო თავი... რაც ძალიან ხშირია სწორედ ამ პერიოდში. თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ლ.


- ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა თვალში ქინქლა ჩავარდნია. მიდიხარ, თითქოს წინ არაფერია და უცებ, ეს უხილავი რამ პირდაპირ თვალს ხვდება და მის უპეშიც ვარდება. იწყება ცრემლდენა, წვა. არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ მოხდა ასე? ნებისმიერ ცრუმორწმუნეს ჰკითხეთ და გეტყვით: რომ ეს უბრალო მოვლენათა დამთხვევა არ არის.


- რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?

- თვალში რაიმეს ჩავარდნა, თავისთავად - ნაკლებად სასიამოვნო მოვლენაა, თუმცა არც მინიშნებების მიხედვითაა, ამაში კარგი არაფერი. ხალხური გადმოცემები გვაფრთხილებს: თუ ასეთ სიტუაციაში ქინქლის თვალიდან ამოღებას მალევე მოახერხებთ, მაშინ ამას ცუდი არაფერი მოჰყვება. მაგრამ, თუ პროცესი გაჭიანურდა და თვალი შეშუპდა, კოსმეტიკურ დეფექტს შეიძლება, უსიამოვნებები ცხოვრებაშიც დაემატოს, რაც არ არის გამორიცხული, დიდხანს გაგრძელდეს და მისი გადაწყვეტა ძალიან გაიწელოს. ბევრს ალბათ ახსოვს, სოფლად ბებია-ბაბუის რჩევა ასეთ სიტუაციაში: რომ გგონია ამ, თითქმის უხილავმა ქინქლამ რა უნდა დამაკლოსო, შეიძლება, სწორედ მის გამო შეგექმნას ცხოვრებაში ისეთი პრობლემა, მერე დიდხანს ვეღარ შეძლო მისი მოგვარებაო.


- მაშ როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში, რომ საფრთხე თავიდან ავიცილოთ?

- ამ დროს ყურადღება აუცილებლად გაამახვილეთ მათზე, ვინც თქვენ გვერდით ტრიალებს. შეიძლება სწორედ „მეგობრებს“ შორისაა ის არაკეთილმოსურნე, რომელმაც თქვენ წინააღმდეგ რაღაც მზაკვრობა ჩაიფიქრა, ან უბრალოდ ხმებს ავრცელებს. რაც მთავარია, თქვენ უკვე გაფრთხილებული ხართ და შესაბამისად, მზად უნდა დახვდეთ მოვლენათა ნებისმიერ განვითარებას: სწრაფადვე უნდა მოახერხოთ ყველაფერზე რეაგირება და მიიღოთ შესაბამისი ზომები.


- არანაკლებ შემაწუხებელია ქინქლები ბინაში...

- უფრო სწორად დროზოფილი, მისი ლათინური დასახელებაა და ნაყოფის, ხილის, ბოსტნეულის ქინქლაა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მწერის 2 000 სახეობა არსებობს, თანაც ძალიან ნაყოფიერები არიან. თუმცა სახლში მათ გამოჩენას გარკვეული მიზეზიც აქვს. თუ არ გინდათ, რომ თქვენს საცხოვრებელს ქინქლები შეესიოს, რაც ჰიგიენური უსიამოვნების გარდა, არასასურველ მოვლენათა მაუწყებელიცაა ოჯახში, შეეცადეთ, მაგიდაზე დიდხანს არ დატოვოთ ხილი, ბოსტნეული, ნებისმიერი ნაყოფი. ძალიან ხშირად ისინი დიდი რაოდენობით ჩნდებიან ნაგვის ურნაში და ამისთვის საკმარისია, მასში ვაშლის ნათალი ან საზამთროს თუნდაც ერთი ნაჭრის ქერქი ჩააგდოთ. ქინქლები შეიძლება გაჩნდეს დაძმარებულ ღვინოშიც. რაც მთავარია, უპირველესად, გამრავლების კერას უნდა მიაგნოთ და იქაურობას მოაშოროთ. არ დაიზაროთ და გენერალური დალაგება მოაწყვეთ მთელ სახლში, განსაკუთრებით კი სამზარეულოში. თუ გინდათ, რომ ოჯახში აურა გასუფთავდეს და მოსალოდნელი უსიამოვნება, რისი მაუწყებელიც მომრავლებული ქინქლაა, თავიდან აიცილოთ, ყველაფერი კარგად გახეხეთ და სველი წესით დაამუშავეთ. განსაკუთრებით კი ნაგვის ურნა გარეცხეთ საგულდაგულოდ.


- რას ნიშნავს, თუ ქინქლა ფინჯანში ჩავარდა?

- როგორც გავარკვიეთ, თუ ქინქლა თვალში ჩაგივარდა, ცუდის ნიშანია, მაგრამ ეს მწერი თუ საჭმელში ან სასმელში მოხვდა, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ხალხური მინიშნებების მიხედვით, თუ ეს მწერი თქვენს ფინჯან ჩაიში აღმოჩნდა, ნუ შეიცხადებთ, უფრო პირიქით - ეს ნიშნავს, რომ წინ ფინანსური წარმატება გელით, თქვენი შემოსავლები მკვეთრად გაიზრდება. მაგრამ თუ ვინმეს ღვინით სავსე ბოკალში ამოყო თავი ჩვენმა „გმირმა“, ამ „მოვლენას“ აუცილებლად სასიამოვნო ნაცნობობა მოჰყვება.


- მაგრამ თუ სასმელში ჩავარდნილი ქინქლა ვერ შევნიშნეთ და გადავყლაპეთ?

- ასეც ხშირად ხდება და თუ თქვენც მოგიწიათ ამ მწერით პირის „ჩაკოკლოზინება“, იცოდეთ, ეს უზენაეს ძალთა გაფრთხილებაა ზემოდან. არსებობს მოსაზრება: ასე ემართება მას, ვინც არ ცდილობს თავისი ნათქვამი გააკონტროლოს, რომ ზედმეტი არაფერი წამოროშოსო. ჰოდა, ამ სიტუაციიდან თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, ამის მერე მაინც დაუკვირდით, რას იტყვით.


- არსებობს მინიშნებები ქინქლებსა და ამინდზე?

- თუ ნალექია მოსალოდნელი, ქინქლები უფრო დაბლა იწევენ. მაგრამ თუ მთელი გუნდი ზევითაა, ესე იგი, ახლო მომავალში კარგი, მზიანი ამინდი იქნება. თუ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში დაინახეთ, რომ ქინქლების არმიამ მასობრივად „შემოუტია“ თქვენს გარემოს სახლს გარეთ, ეზოში, ბაღში, ეს ძალიან კარგის მომასწავებელია. ის წელი თქვენთვის იღბლიანი იქნება და ყველა საქმეში გაგიმართლებთ. ძველები ამას სოკოს კარგ მოსავალსაც უკავშირებდნენ. განსაკუთრებით, თუ ქინქლების გუნდს ტყეში გადაეყრებოდნენ.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი