„ნაცები“, გაგარინი, მაქარაშვილი და მათი პოზიციის მხარდამჭერნი პოლიტიკურად გაკოტრებული დესტრუქციული ძალაა - დავით ჩიხელიძე

18 Jul 2021 23:10

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე შოთა დიღმელაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა მოხდეს „მაიდანი“ და იყოს მინიმალური მსხვერპლი.


ჩიხელიძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთადერთი მიზანია სახელმწიფოს პროვოცირება და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.


„გუშინდელ აქციაზე გაჟღერებული მესიჯებიდან, ერთი განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, შოთა გაგარინის (დიღმელაშვილი) განცხადებას ვგულისხმობ, რომელიც „მაიდანს“ აანონსებს. თუ ვინმეს ილუზია გქონდათ, რომ აქციის მიზანი უსამართლობის გაპროტესტება იყო, თანაგიგრძნობთ. გუშინ ყველაფერს ფარდა აეხადა, გაცხადდა აქციის ერთადერთი და ნამდვილი მიზანი, რომელიც სახელმწიფოს პროვოცირება და „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნებას გულისხმობს. როგორც ჩანს, მიზნის სისრულეში მოყვანაში „ნაცებს“ ნორჩი გაგარინი და მისი თანამოაზრეები ეხმარებიან. 

როგორც შოთა გაგარინმა თქვა (ეს მისი ყრმობის ფსევდონიმია, რომლითაც ერთ დროს ამაყობდა), საქართველოში აუცილებელია მოხდეს „მაიდანი“ და იყოს მინიმალური მსხვერპლი. 

ძალა რომლის მმართველობაც ადამიანის სისხლზე იდგა, კვლავ მსხვერპლს ითხოვს. 

ეს არც არის გასაკვირი, რადგან მათთვის ადამიანის გარდაცვალება სტატისტიკაა და არა ტრაგედია. პირდაპირ ვიტყვი, ნაცები, გაგარინი, მაქარაშვილი და მათი პოზიციის მხარდამჭერნი, პოლიტიკურად გაკოტრებული დესტრუქციული ძალაა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვერასდროს შექმნის. არანაირი მაიდანი და მსხვერპლი საქართველოში არ იქნება, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, საბედნიეროდ, თქვენგან განსხვავებით ქართველ ხალხს აქვს გონიერება, შავის და თეთრის გარჩევის უნარი და კარგად ხედავს, რომ თქვენი ინიციატივა მაიდნის შესახებ, საქართველოს წარსულში დაბრუნებას ნიშნავს, ქართველ ხალხს კი წინსვლა და იმ პროგრესის გაგრძელება ესაჭიროება, პროგრესის რომელიც სახელმწიფომ 2012 წლის შემდეგ განიცადა“, - განაცხადა დავით ჩიხელიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი