ვლადიმირ ზელენსკი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება

19 Jul 2021 14:30

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილმე ლაშა დარსალიამ აღნიშნა.


მისივე თქმით, ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ.


„საქართველოს ეწვია უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. ის ჩამოსვლისთანავე გაემგზავრება პირველ რიგში, ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და უკრაინას აქვთ ერთნაირი ტიპის გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას, რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ“, - განაცხადა დარსალიამ.


ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ზელენსკის აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და უკრაინაში საქართველოს ელჩი თემურ შარაშენიძე დახვდნენ.


როგორც ცნობილია, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.




კომენტარები:

ფართი შოპი