თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვი და თვითმფრინავით გადაადგილებას შევწყვეტ, ამით კლიმატის დაცვაში ჩემს წვლილს შევიტან?

19 Jul 2021 16:25

როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა გლობალური დათბობა შეაჩეროს? რამდენად ეფექტიანია კლიმატის დაცვის კუთხით ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა ხორცის ჭამაზე, ფრენასა და მანქანის მართვაზე უარის თქმა. Deutsche Welle-მ შესაბამისი ფაქტების ანალიზი წარმოადგინა. 


მონაცემთა ევროპული ბაზა EDGAR-ის  (Emissions Database on Global Atmospheric Research) თანახმად, აშშ და ჩინეთი ითვლებიან ქვეყნებად, სადაც ატმოსფეროში CO2 ყველაზე დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ამ გარემოების გათვალისწინებით, სხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ადამიანი ეკითხება საკუთარ თავს, სათბურის გაზების ემისიის შესამცირებლად ღირს თუ არა პირადი პასუხისმგებლობის აღება. 


კლიმატის ცვლილების მკვლევარი პოტსდამიდან - შტეფან რამსტორფი, რომელიც პლატფორმა klimafakten.de-ს სამეცნიერო საბჭოს წევრია, მიიჩნევს, რომ მსგავსი არგუმენტი ალოგიკურია. ”რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ  სამყარო დაყოთ 50 ჯგუფად, რომელთაგან თითოეული მათგანი ნახშირბადის დიოქსიდის ემისიის 2 %-ზე არის პასუხისმგებელი.  აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ არავინ არაფერი უნდა გააკეთოს?“ - კითხულობს ის სამეცნიერო პორტალ Spektrum- ის ბლოგზე.


რა ეკოლოგიურ კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანი?

როდესაც საქმე ეხება კლიმატის დაცვაში პირად წვლილს, ლოგიკურია მოვიძიოთ ინფორმაცია, გამოყოფილი CO2-ის რა რაოდენობა მოდის თითოეულ ადამიანზე.  2019 წელს ამ მიმართულებით აშშ-მ წამყვანი პოზიცია დაიკავა. ამ ქვეყნის თითოეულ მკვიდრზე ატმოსფეროში გამოყოფილი 15,52 ტონა ნახშირბადის დიოქსიდი მოდის, ჩინეთში- 8,12 ტონა, გერმანიაში კი - 8,5 ტონა. ამ მიმართულებით საშუალო მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე 5 ტონაზე ნაკლებს შეადგენს. 


იგივე ტენდენცია იკვეთება ეგრეთ წოდებულ "ეკოლოგიურ ნაკვალევთან" (ecological footprint) დაკავშირებითაც.  ეს მაჩვენებელი ადამიანის გარემოზე ზემოქმედების საზომად გამოიყენება, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, გამოთვალონ ერთი სული მოსახლის მიერ გარემოსდაცვითი რესურსების მოხმარებისთვის საჭირო ტერიტორიის მოცულობა და ნარჩენების ათვისება.


კრიტერიუმებს შორის, რომლებიც ამ ინდიკატორს უდევს საფუძვლად, არის-  წარმოშობის ქვეყანა და საკვები პროდუქტი, მათი წარმოების პირობები, ლოგისტიკა და მობილობა. აშშ-ში „ეკოლოგიური ნაკვალევი“ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 8 გლობალურ ჰექტარს შეადგენს, გერმანიაში - 4,7-ს, ხოლო ჩინეთში - 3,7-ს. (გლობალური ჰექტარი არის ეკოლოგიური ნაკვალევის საზომი - რედ.)


გერმანიის, ჩინეთისა და აშშ-ს შედარება აჩვენებს, რომ დაბალი ინდივიდუალური მაჩვენებელი კლიმატის დაცვის პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრებას სულაც არ გულისხმობს.


მაგალითისთვის, ჩინეთის მიერ ატმოსფეროში გამოყოფილი 11.5 მილიარდი ტონა სათბურის გაზი მოსახლეობის რაოდენობას რომ შევადაროთ, მივხვდებით, რომ ის არც თუ ისე  არსებით როლს ასრულებს. თუმცა აბსოლუტური ციფრებით, EDGAR- ის თანახმად, მთელ მსოფლიოში CO2-ის ყველაზე მეტი ემისია სწორედ ჩინეთზე მოდის - აშშ-სთან შედარებით (5,1 მილიარდი ტონა) ორჯერ მეტი.
თუმცა პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ ქვეყნებს არ ეკისრებათ. ”ჩინეთმა და აშშ-მ ახლა სრულად რომც შეწყვიტონ  ნახშირბადის დიოქსიდის წარმოება, დანარჩენ მსოფლიოში მისი ემისია კვლავ იმდენად მაღალი იქნება, რომ ჯამში ის გადააჭარბებს ინდიკატორს, რომლის შემთხვევაშიც 2050 წლამდე დედამიწაზე ტემპერატურის ცვლილება 1.5 გრადუსამდე შენარჩუნდება,“-  წერს პორტალი Klimafakten.de. იმდენად, რამდენადაც მსოფლიოში CO2-ის ყოველწლიური ემისიის ნახევარზე მეტი სწორედ სხვა ქვეყნებზე მოდის, კლიმატის გლობალური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას ყველა უნდა შეუერთდეს. 


როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს კლიმატის დაცვაზე გავლენა იქონიოს?

გერმანიაში ერთ სულ მოსახლეზე CO2-ის ემისიის მაღალი მაჩვენებლის გამო, რესურსების პირადი გამოყენების საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. 2020 წელს, CO2-ის 740 მილიონი ტონიდან დაახლოებით 90 მილიონი კერძო საოჯახო მეურნეობებზე მოდის. სათბურის გაზების ასეთი მაღალი ემისიის ძირითადი მიზეზებია შენობების არაეფექტიანი გათბობა, საკვების მომზადება და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მოხმარებაა. 


იმისათვის, რომ გერმანიამ კლიმატის დაცვის კუთხით მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს - კლიმატურად ნეიტრალური ქვეყანა გახდეს, ტრანსპორტის სფეროში გარკვეული ზომები უნდა მიიღოს. 2020 წელს ტრანსპორტის გამონაბოლქვმა ქვეყანაში 146 ტონა შეადგინა. თუმცა ყველაზე მეტი გამონაბოლქვი - 221 ტონა, ენერგეტიკის სექტორზე მოდის. გერმანიაში  არსებობს არაერთი ინიციატივა, რაც ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას ხელს შეუწყობს.

საჭიროა თუ არა, რომ ხორცის ჭამას შევეშვა და თვითმფრინავით გადაადგილება შევწყვიტო?


ბრანდერბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოთვალა, რომ თითოეულ შენობას შეუძლია გათბობისთვის საჭირო ენერგიის 6%-ი დაზოგოს, თუ ზამთარში ტემპერატურას მხოლოდ 1%-ით დაუწევს. ანალოგიური სიტუაციაა ელექტროენერგიის შემთხვევაშიც. თუ ყველა ოჯახი რესურსებს რაციონალურად გამოიყენებს და ელექტროენერგიის მოხმარებას გამიზნულად შეამცირებს, მაშინ გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, CO2-ის ემისიის მაჩვენებელი  წელიწადში 15 მილიონი ტონით შემცირდება, რითაც 10 მილიარდი ევრო დაიზოგება. 


თითოეულ ჩვენგანს შეუძლია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს თუნდაც იმით, რომ მოკლე მანძილზე თვითმფრინავით არ გადაადგილდეს. ეს ნამდვილად ასეა? ბრანდენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა შეფასებით, ფრანკფურტიდან ტენერიფემდე ერთი გადაფრენა და უკან დაბრუნება ისეთივე მავნეა კლიმატისთვის, როგორც მანქანის მთელი წლის განმავლობაში გამოყენება. გადამწყვეტ როლს ასრულებს კვებაც. გერმანიის თითოეულმა მოქალაქემ მის მიერ მოხმარებული ხორცის წლიური მაჩვენებელი 88 -დან 46 კგ-მდე რომ შეამციროს, ატმოსფეროში CO2-ის ემისია 15 მილიონიდან 8 მილიონ ტონამდე შემცირდება. ეს გათვლა ეყრდნობა "ხორცის ატლასი 2021"-ს , რომელსაც გერმანიის კვების საზოგადოება ყოველწლიურად აქვეყნებს.  

     
დაეხმარება თუ არა ხორცზე უარის თქმა  და ველოსიპედით გადაადგილება კლიმატის დაცვას, თუ ეს არის მოკლევადიანი, არაეფექტიანი ზომები? მეცნიერთა განმარტებით, ნამდვილად ასეა, რადგან თითოეული პიროვნების წვლილი მნიშვნელოვანია და მისი სათანადოდ შეფასება არის აუცილებელი. შედეგიც ნამდვილად რეალური იქნება, „თუ ადამიანები შეგნებულად შეწყვეტენ გარკვეული საკვების ყიდვასა და მათ წარმოებას,“ - განმარტავს რობი ენდრიუ, ნორვეგიის კლიმატის კვლევითი ინსტიტუტის  CICERO წარმომადგენელი. 


Global Footprint Network- ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, მატის ვაკერნაგელისთვის კლიმატის დაცვა საკუთარი თავის დაცვას ნიშნავს. ”ამიტომაც აშშ-სა და ჩინეთისგან რაიმეს მოლოდინი არც არაფერს მოგვიტანს და არც არაფერში გამოგვადგება. უმჯობესი იქნება ვიფიქროთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თავად, რათა წარმატებული მომავლის შანსები გავზარდოთ,“- აცხადებს ის. 





კომენტარები:

ფართი შოპი