ზაალ უდუმაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე - ამ პოზიციასთან არანაირი ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, უბრალოდ ფორმა არის გაუგებარი - „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს არც ერთ ძალოვან უწყებაზე პრეტენზია ჰქონდეს

20 Jul 2021 00:01

ამ პოზიციასთან არანაირი ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, უბრალოდ ფორმა არის გაუგებარი, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც დღესვე საჭიროა შეთანხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში.

როგორც უდუმაშვილმა განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საერთოდ არც ერთ ძალოვან უწყებაზე პრეტენზია ჰქონდეს.


„ჩვენ მე მგონი, არავისთან გვაქვს პრობლემა ზოგადად, კომუნიკაციის - „ლელო“ იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტია. მთელი ეს პერიოდი იმას დავუთმეთ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას ვესაუბრებით, რათა საერთო სტრატეგიაზე ჩამოვყალიბდეთ ამ არჩევნებისთვის. თუ ასეთი ინიციატივები არსებობს, ჯობს ამ შეხვედრების დროს იყოს განხილული. პირიქით, დიდი სიამოვნებით განვიხილავთ ყველა ინიციატივას.


ზოგადად, 2020 წლის ჩვენ წინასაარჩევნო დაპირებებს თუ გაიხსენებენ, მე მგონი,იქ ყველაფერი ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საერთოდ არც ერთ ძალოვან უწყებაზე პრეტენზია ჰქონდეს. იცით რატომ? - ზოგადად რომ გამოვრიცხოთ, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომ რაღაცნაირად ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებული არიან, ამიტომ ამ უწყებებში მაქსიმალურად უნდა იყვნენ არასამთავრობო სექტორიდან ადამიანები, ან არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი ადამიანები, ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური პროკურატურა და ა.შ. ეს ჩვენი პოზიცია ერთი წლის წინ ღიად გამოვაცხადეთ, ამიტომ არ მგონია, ეს ჩვენ ასე ღიად გვეხებოდეს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ეს - ოქტომბრის არჩევნები, თუ ოპოზიციურ პარტიებს სურთ, რომ რეალურად ძალების კონსოლიდაცია მოხდეს, მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ კონსოლიდაცია ამ არჩევნებისთვის“, - განაცხადა უდუმაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი