გოგი წულაია: ბოლომდე ჩემი გამოსწორება არ იქნება

20 Jul 2021 00:20

გოგი წულაია თავისუფალია. ამ ადამიანმა ამ ფაქტამდე, როგორც ჩანს, საზოგადოებას თავი იმდენად კარგად გააცნო, რომ მიუხედავად მძიმე ბრალდებისა, მისი ბრალეულობა ძალიან ცოტამ თუ დაიჯერა. მის მიმართ თანადგომა კი უამრავმა ადამიანმა გამოხატა და შესაბამისად, მისი გათავისუფლებითაც ძალიან ბევრმა გაიხარა.


გოგი წულაია: იქ პირველად 14 დღე ვიშიმშილე, მეორედ – შვიდი დღე. მერე ციხეში რომ ცუდი საჭმელია, ამაში გასაკვირი რა უნდა იყოს, როცა ჯარს აჭმევენ გაფუჭებულ ღორის ხორცს. ვერ ვჭამდი და დავსუსტდი კიდეც. ძალიან კარგი შეგრძნებაა სისუსტე, ყველანაირად წამადგა. სიმსუქნე ძალიან ცუდი იყო. გულთან დაკავშირებით ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ასეთ სიტუაციაში, ზედმეტი კილოგრამების მოშორება მისწრებაა. შაქარიც მაქვს და სისუსტე ამ შემთხვევაშიც ძალიან სასარგებლოა. ასე რომ, სასიკეთო საქმეც გაკეთდა. საერთო ჯამში, 25 კილოგრამამდე დავიკელი. ბოლოს, ალბათ, სკოლაში ვიყავი ამ წონაზე. სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანი ვარ და სამწუხაროდ, ახლაც მიჭირს წონის შენარჩუნება. ორი კვირა გავიდა და უკვე სამი კილოგრამი მოვიმატე. ცოტა დალევაც მომიწია – არაყს მე არ ვსვამ და ღვინო კი ასუქებს. გარდერობის განახლებაც დავიწყე (იცინის). პერანგიდან დაწყებული შარვლით დამთავრებული, იმდენად დიდი მქონდა, გადაკეთებას არ ექვემდებარებოდა (იცინის).


– იმ სიტუაციაში, ყველა ელოდა თქვენი მეუღლის პოზიციას. გამოჩნდა ქალბატონი ინგა და ძალიან ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი თავიც და ოჯახიც. მით უმეტეს, რომ პრესასთან სულ რამდენიმე წუთით ისაუბრა.

– ჩვენ 23 წელიწადია, შეუღლებულები ვართ. უხინჯო და უკამათო ცოლქმრობა არ გვქონია, მაგრამ არაფერი მოუნელებელი და იმ დონის, როგორიც ეს აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ოჯახი სიყვარულით შევქმენით და მერე ამდენი წელი ერთად წვალებით მოვდივართ, დალხინებული და დიდი გადამრიე ცხოვრება არასდროს მქონია. არც იმას ვამბობ, რომ სასწაულად მიჭირდა, მაგრამ წვალებითა და შრომით გავზარდეთ შვილები. არასდროს ვყოფილვარ კუდაბზიკა, პამპერსსაც ვუცვლიდი ჩემს შვილებს და საჭმელსაც ვუკეთებდი. მეოჯახე ადამიანი ვიყავი, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ამის არც გახსენება მინდა და არც მოყოლა. მე ვთვლი, რომ ამით მხოლოდ ჩემი ოჯახის, ჩემი მეუღლისა და შვილების წინაშე შევცოდე. სხვა არცერთი ქალის და არცერთი კაცის, არც საქართველოს წინაშე არ შევრცხვენილვარ. ახლა ვცდილობ, ცოტა სხვანაირად ვიცხოვრო, ოჯახში უკეთესი ვიყო, ვიდრე აქამდე, სანთლები უფრო ხშირად ავანთო, უფრო ხშირად ვილოცო – ამას გულით ვაკეთებ. მგონია, რომ მანამდეც მისაღები ვიყავი, მაგრამ ახლა ვცდილობ, ცოტა სხვა გოგი ვიყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, ნამდვილად ისე მოიქცა, რომ მთელ საქართველოს ჩემზე მეტად შეაყვარა თავი. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მეუღლე მყავს. მე კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მას. ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიცხოვრებთ, მე ამაში დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, წყენა არის. ის ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მაგრამ მე მჯერა, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. ყველაფრის თავი და თავი ჩემი მეუღლის მიმტევებლობის უნარია და მე მადლობელი ვარ მისი.


– იმ პერიოდში თქვენი შვილის ემოციეური წერილი გავრცელდა თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...

– მგონი, ძალიანაც მომიხდა ეს შიმშილობა. მას შემდეგ არც შაქარს აუწევია და არც გული მაწუხებს. ყველაფერი ნორმალურად მაქვს. ციხეში ერთი მომენტი იყო, როცა ხუთასი მეტრი გავიარე ფეხით, კიბეები ავიარე და ამან დამტვირთა და ალბათ, გადაღლილობისგან „შევწუხდი“. მაგრამ მას შემდეგ ძალიან კარგად ვარ, როგორც გითხარით, შაქარიც ნორმაში მაქვს, გულიც უკეთესად მუშაობს და მადლობას ვუხდი სახელმწიფოს იმისთვის, რომ დამიჭირა.


– იმ მოცემულობაშიც კი უკან არ დაგიხევიათ და სასამართლოს კადრებს ვინც უყურებდა, ახსოვს მოსამართლის მიმართ თქვენი დამოკიდებულება. ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფს, რა გული გქონდათ?

– ციხეში ხედავ, რომ ბევრი პატიმარი თავს დამნაშავედ გრძნობს და შინაგანად შეგუებულია სასჯელს. მაგრამ ადამიანი, როდესაც იმ განცდით ხარ იქ, რომ შენზე მეტი მოძალადე, მექრთამე და დანაშაულების ჩამდენი გასამართლებს, როცა პროკურორი გულცივად ამბობს, რომ იქ ძალიან კარგად გმკურნალობენ, როცა, ციხეში კი არა ტიკარაძემ გარეთ მოსპო ჯანდაცვა... შენი დედა, რას მკურნალობენ?! ვინ იყო გარანტია, რომ მე იქ რამე არ დამემართებოდა? და ცინიკურად ეთანხმებოდა მოსამართლეც. დაეთანხმება, აბა, რა, იმას უკვე განსაზღვრული აქვს, რა უნდა მოგისაჯოს და არ აინტერესებს. სახლში ეჩქარება, რომ ბოვშს მეეფეროს. შენი 14 წლის გოგო როგორ განიცდის ამას, ეზოში რომ არ გადის ბავშვი და კონტაქტური ბავშვი უკონტაქტო გახდა, ეს მოსამართლეს ფეხებზე ჰკიდია. მოგისაჯა და ვსო! მაგრად განვიცდიდი, გასამართლებს ისეთი მოსამართლე, რომელსაც სამართლიანობის არანაირი განცდა არ აქვს. ამომივიდა ყელში და მაშინ იყო, რომ შევაგინე, რის გამოც ბოდიშს ვიხდი საზოგადოებასთან, რა თქმა უნდა, ცუდი მოსასმენია. მზად ვიყავი, რომ შეიძლებოდა პროცესი კიდევ გაწელილიყო. მაგრამ რაც უნდა ექნათ, მე საარჩევნო სიაში ჩაჯდომის უფლება მქონდა, უზენაესის გადაწყვეტილებმადე და იქიდან კენჭისყრასა და პოლიტიკურ აქტიურობას ვაპირებდი. მეც გამიკვირდა, რომ აღარ გაიწელა პროცესი და გამათავისუფლეს. ალბათ, იმიტომ, რომ ღარიბაშვილის და ბერას საუბარი „გაეპრავებინათ“ და თავის ჭკუით ეს თემა დაასრულეს. იმიტომ, რომ ჩემი პატიმრობა იმ თემის სიცოცხლეს ნიშნავს, მე ასე ვფიქრობ. ახლა აქტიურად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. არჩევნები ახლოვდება და სიაში ვიქნები, თბილისზეც ვფიქრობ, მაგრამ ალბათ, მაინც ქუთაისზე შევჯერდები. ბოლომდე ჩემი გამოსწორება არ იქნება, ცოტა ემოციური ისევ ვიქნები, მაგრამ მაინც ვეცდები, ძველსა და ახალ გოგის შორის განსხვავება იგრძნოთ.


– ამ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუ გვქონდა და იქ თქვენი შვილების დაბადების დღეების მოახლოების შესახებ საუბრობდით.

– ჩემი გოგოს, ჩემი ბიჭის, მეუღლისა და ჩემი დაბადების დღეს ციხეში შევხვდი. ჩემს გოგოს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, 14 აპრილს 14 წლის გახდა, ოქროს დაბადების დღე ჰქონდა ჩემს ბიჭსაც – 22 მაისს 22 წლის გახდა. შვილებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს ეს ამბავი, განსაკუთრებით ჩემმა გოგომ. ბიჭი მაინც ცოტა დიდია, გოგო ახლაც განცდებშია და ვფიქრობ ხოლმე, ღირდა კი?


ციხეში ორჯერ წავიკითხე „ახალი აღქმა“. იქ კიდევ სხვა სამყაროა. ვერ წარმოიდგენ, როგორ გცვლის ადამიანს, სულ სხვა თვალით უყურებ ყველაფერს. „ახალი აღქმა“ ძალიან დამეხმარა და სხვანაირად დამაფიქრა პატიმრობაზე, თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ბევრ რამეზე შემიცვალა წარმოდგენა. დღეს რელიგიას სხვანაირად ვუყურებ, ვიდრე მანამდე.


თბილისელები





კომენტარები:

ფართი შოპი