რა შესთავაზა კარლ მარქსმა ნიკო ნიკოლაძეს, რაზეც დელიკატური უარი მიიღო

20 Jul 2021 20:53

„მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა“ – ეს პუბლიცისტის, კრიტიკოსის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სიტყვებია. დღეს ამ დიდი ადამიანის დღიურებს გადაგიშლით.


„ნიკო ნიკოლაძემ 4 ფორმაციაში იცხოვრა: დაიბადა ბატონყმობის დროს, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, როცა ის რუსეთის გუბერნია იყო, მოესწრო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას და გარდაიცვალა საბჭოთა სინამდვილეში. ნიკო ნიკოლაძე ყველა ამ ეტაპზე იყო პროგრესული, ევროპულად მოაზროვნე და თავის ქვეყნის წარმატებისთვის დაუცხრომლად მებრძოლი ადამიანი“.

როგორც მკვლევარი დალი ჩიკვილაძე ამბობს, ის იყო მამულიშვილი, რომელიც თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით ნამდვილად უსწრებდა დროს... „მე-6 კლასში იყო, მამას ფოთში გაჰყვა საქმეზე, იქ კოღომ უკბინა და ციება დაემართა. მთელი წელი მკურნალობდა სახლში. გიმნაზიაში არ დადიოდა, თუმცა, ძალიან ბევრს კითხულობდა და მეცადინეობდა. 

ეს იყო 1860 წელი. სწორედ, მაშინ გააგზავნა 2 ფელეტონი თბილისში, ჟურნალ „ცისკარში“, ფსევდონიმით „მეკენჭე“. ივანე კერესელიძემ ორივე ტექსტი გამოაქვეყნა, ისე, რომ არც კი იცოდა, ვინ იყო მისი ავტორი. ეს, ფაქტობრივად, ნიკოს დებიუტი იყო. მოგვიანებით, როცა უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მოღვაწე გახდა, ამბობდა, ყველაზე მეტად სულით და გულით ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება. როგორც ჩანს, ან ძალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან გვიანო... ნიკო ნიკოლაძემ დაარწმუნა მამა, რომ გიმნაზიის ჰუმანიტარული მიმართულებით დამთავრებისა და შემდეგ საინჟინრო საქმის შესწავლის ნაცვლად, პეტერბურგში, იურიდიულ ფაკულტეტზე შესვლის ნება მიეცა. ასეც მოხდა – 1861 წელს, 2 მეგობართან ერთად, ქუთაისიდან პეტერბურგში გაემგზავრა... უნივერსიტეტში მატრიკულების შემოღების წესს აპროტესტებდნენ... უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უნივერსიტეტში ახალი წესი შემოეღო,

ვისაც მატრიკული არ ექნებოდა, შენობაში არ დაეშვათ. სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ნევის პროსპექტზე სამდღიანი მანიფესტაცია გამართეს, რომელშიც 12 ქართველი და მათ შორის, ნიკო ნიკოლაძე მონაწილეობდა. ამ საქციელისთვის დემონსტრანტებს ჯერ პეტერბურგში, პეტრე-პავლეს, შემდეგ კი, კრონშტადტის ციხეში უკრეს თავი... ამ დროს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე პეტერბურგში არ იყო. ეს ამბავი რომ შეიტყო, ადმინისტრაციას შემოუთვალა, სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში დაებრუნებინათ, ოღონდ მშობლების თავდებობის გარანტიით. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასეც მოიქცა. მაგრამ ნიკომ გადაწყვიტა, მამისთვის ეს ამბავი არ შეეტყობინებინა. შიშობდა, რომ პეტერბურგში აღარ გააჩერებდა. ამიტომ, უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანება, სტუდენტის ფორმა გაიხადა და საცხოვრებლად ქალაქის გარეუბანში, აკაკი წერეთელთან გადავიდა. ყველგან ქართული ჩოხით დადიოდა. დაიწყო „სავრემენნიკის“ კითხვა, რომელიც იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა იყო. თანამშრომლობდა კიდეც ამ გამოცემასთან... სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში განაგრძო. იქ ძალიან ბევრს შრომოდა, სწავლობდა, კითხულობდა, ეცნობოდა ფრანგულ სოციალიზმს. თუმცა, დიდად მოხიბლული არ დარჩენილა. მოგვიანებით წერდა, დიდი არაფერი ყოფილა ეს „ფრანციცული სოციალიზმი“, ვზივარ, 18 საათს ვმუშაობ ბიბლიოთეკაში, ძალიან ბევრი შრომა მიწევსო. მკვლევარი ზაზა აბზიანიძე წერს, რომ ნიკო ნიკოლაძე პარიზში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა. მას ნაცნობობა, თანამშრომლობა თუ მიმოწერა აკავშირებდა ჯუზეპე გარიბალდისთან, ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან, პოლ ლაფარგთან. ამავე პერიოდში შეხვდა კარლ მარქსს, რომელმაც ნიკოლაძეს შესთავაზა, ამიერკავკასიაში პირველი ინტერნაციონალის წარმომადგენელი ყოფილიყო, რაზეც დელიკატური უარი მიიღო. როგორც ნიკოლაძე იგონებს, მას არ ესმოდა, ვერ წარმოედგინა, სამშობლოში მარქსის იდეები გაეტარებინა და ასეთ რამეს ვერაფრით დაეთანხმდებოდა.


დალი ჩიკვილაძე: „ნიკო ნიკოლაძე მოდას აყოლილი კაცი არ იყო. მაშინ მარქსს სურდა, კაპიტალისტები მოესპო და პროლეტარიატის დიქტატურა დაემყარებინა. ნიკომ გაიაზრა, ყველაფერი აწონ-დაწონა და უარის თქმა გადაწყვიტა, რადგან მის ჭკუა-გონებაში ისეთი რამ ვერ ჩაჯდებოდა, რაც პროგრესული და თავისი ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნებოდა...


ნიკო ნიკოლაძე საფრანგეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა. ამბობდა, უფრო მეტად მაინტერესებს შვეიცარია, რესურსებით ასეთი ღარიბი ქვეყანა რატომ არის მდიდარი, მთიანი და რესურსებით მდიდარი საქართველო კი რატომ არის ასეთი ღატაკიო. იქ ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში სწავლობდა. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. აი, ასეთი კაცი იყო ნიკო ნიკოლაძე“...


ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ჟენევაში 1868 წელს გამოქვეყნებული მისი სადიპლომო ნაშრომი, როგორც მაშინ „სადოქტოროს“ უწოდებდნენ, „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური შედეგები“, დღესაც დიდ ინტერესს იწვევს...


1869 წლის ბოლოს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და სურდა, მთელი ცოდნა და გამოცდილება

საკუთარი ქვეყნისთვის გამოეყენებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მისთვის განათლება იყო. ძალიან წუხდა, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას განათლება არ ჰქონდა. ამბობდა, უცოდინრობით არაფერი გამოვა, ცოდნის გარეშე მუდამ მონა იქნები, ვერ იარსებებ, ცოდნით კი იმას დანერგავ, რაც შემოსავალს და პროგრესს გააჩენსო. ამიტომ, ყველანაირად უწყობდა ხელს ქვეყანაში განათლების გავრცელებას და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მდიდარ ფენას ან მამაკაცებს.


1872 წელს თავისი დები, ოლიმპიადა და ეფროსინე, ოლიკო გურამიშვილი (შემდგომში ნიკო ნიკოლაძის მეუღლე) და ორი დეიდშვილი, ბიჭურად ჩაცმულები, გემით შვეიცარიაში გააპარნენ. ნიკოს სურდა მათ განათლება მიეღოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალები პედაგოგიურ ან გინეკოლოგიურ ფაკულტეტებზე სწავლობდნენ. 


დანარჩენი მათთვის ხელმიუწვდომელი იყო, მით უმეტეს – საზღვარგარეთ სწავლა. ნიკო ნიკოლაძის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქციები მოჰყვა თავადაზნაურობის მხრიდან, მათთვის წარმოუდგენელი იყო ქალებისთვის საზღვარგარეთ სწავლის ნება მიეცათ... მან წამოაყენა რამდენიმე იდეა, განახორციელა არაერთი ისეთი პროექტი, რომელიც გარდამტეხი გახდა საქართველოსთვის. მეორე საკითხი, რაც ნიკოლაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გახლდათ ვაჭრობა. ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა, ევაჭრათ, ოღონდ, კეთილსინდისიერად. გლეხებს ეხვეწებოდა, ჩამოეტანათ ქალაქში პროდუქტი, თუ ღვინო ღირდა 1 კაპიკი, 10 კაპიკად მიეყიდათ ადგილობრივებისთვის და არა 1 მანეთად, როგორც ამას სირაჯები აკეთებდნენ. მაგრამ მაშინ ვაჭრობას ქართველების უმეტესობა არ კადრულობდა, ეთაკილებოდა. ნიკო ნიკოლაძეს კი სამარცხვინოდ ვაჭრობის მტაცებლური მეთოდები მიაჩნდა. ფიქრობდა, რომ ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებით, შესაძლებელი იყო კაპიტალიზმის დანერგვა. ევროპაში ცხოვრებისას მან კარგად დაინახა, რა როლს ასრულებდა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში საბანკო საქმე და ვაჭრობა. სწორედ, ამიტომ სურდა, საქართველოც იმავე გზით განვითარებულიყო. მომდევნო საკითხი, რომლისთვისაც ნიკო ნიკოლაძე იბრძოდა, იყო ერობა, ადგილობრივი მმართველობა. 

ფაქტობრივად, იყო პირველი, ვინც ერობის, ანუ თვითმმართველობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა. მას მიაჩნდა, რომ თემს უნდა აერჩია განათლებული, ხელმძღვანელი წევრები, რომლებსაც გადაუხდიდა ხელფასს და მათ დააკისრებდა ხალხის სამსახურს, ხოლო თუ ამ მოვალეობას ვერ შეასრულებდნენ, გადააყენებნდნენ და სხვას აირჩევდნენ. სხვათა შორის, ნიკო ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ თვითმმართველობის შემოღება უნდა ეთხოვათ 1871 წელს აქ ჩამოსული იმპერატორის, ალექსანდრე მეორისთვის. იმ დროს ეს არ მოხერხდა, თუმცა, 1913 წელს თავად-აზნაურებმა, სწორედ, ამ თხოვნით მიმართეს მაშინდელ იმპერატორს, ნიკოლოზ მეორეს.


კიდევ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა, იყო უნივერსიტეტის გახსნა, თუმცა, მისი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ტექნიკური უნივერსიტეტი. მისი აზრით, კლასიკური განათლება კი არა, ხალხს წინსვლისთვის, რეალური განათლება და შესაბამისი სკოლები სჭირდებოდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ უნდა გახსნილიყო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა მისი მოსაზრებისგან. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელი არ შეუშლია ამ იდეისთვის, პირიქით, თავის ჟურნალში დაბეჭდა სტატია „რა გვეჭირვება“. სტატიის ავტორი გიორგი წერეთელი იყო., რომელიც სხვათა შორის, კლასიკური, ჰუმანიტარული განათლების მომხრე იყო. ზოგადად, ნიკო ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ პრესას შეეძლო, დიდი გარდატეხა შეეტანა საზოგადოების განათლებასა და განვითარებაში. 1870-იან წლებში ის თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან”, 1871 წელს კი დააარსა ჟურნალი „კრებული”, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი თავად იყო, ხელმომწერი რედაქტორი კი – გიორგი წერეთელი.


ამავე პერიოდში ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოღვაწეობს. მან თავისი წვლილი შეიტანა პარიზში, ქუჩის განათების საქმეში. ებრაელ ნავთობის მაგნატ როტშილდებს (იმ დროს რუსეთში ებრაელებს არ ჰქონდათ საქმის წარმოების უფლება, ამიტომ, მათ საქმეებს, ფაქტობრივად, ნიკო განაგებდა) სთხოვა იმ მეცნიერის დაფინანსება, რომელსაც წყალვარდნილზე ელექტროსადგურის მოწყობის იდეა ჰქონდა. როტშილდებმა ლაბორატორია გააკეთეს. მაშინ პარიზის მაცხოვრებლებს ვერ წარმოედგინათ, რომ სადღაც, წყლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებით, კილომეტრების მოშორებით, სადენის საშუალებით შესაძლებელი იყო ქუჩის განათება.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება, ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარებაა. მისი წილის მფლობელი მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა. იაკობმა ეს მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებლად იყიდა და „შავი ქვის“ საბადო აღმოჩნდა. ნიკო ნიკოლაძე წავიდა პარიზში, რომ უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დეტალურად შეესწავლა ეს საქმე. 1880-იან წლებში ევროპელები ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყეს ქვანახშირის დამუშავება. ამ საქმეში გლეხობაც ჩაება, თუმცა, საქმეს უგზოობა ართულებდა...


ოცნება 1878 წელს აისრულა და დაიწყო „ობზორის“ გამოცემა. საკმაოდ მწვავე და კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა მაშინდელ სასამართლო მოხელეებსა და ქალაქის ხელმძღვანელობაზე. წერდა, რომ არაფრის მაქნისები არ იყვნენ და ქვეყნისა და ქალაქისათვის არაფერს აკეთებდნენ. ამის გამო სასამართლოში უჩივლეს, პროცესი ორდღიანი იყო და ისეთი სიტყვა წარმოთქვა, რომ ნიკოს მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს. მოგვიანებით ეს სიტყვა მან თავისსავე გამოცემაში დაბეჭდა. კრიტიკული წერილებისა და მოსაზრებების გამო „ობზორის“ წინააღმდეგ სასამართლოში მეორედ 1880 წელს უჩივლეს. მის პროცესზე დასასწრებად რუსეთიდან ახალგაზრდა ხალხოსნების ლიდერი ვერა ზაზულიჩი ჩამოვიდა. აი, მაშინ კი 5 წელი მიუსაჯეს და თბილისიდან სტავროპოლში გაასახლეს. იმჟამად, სამხედრო საქმეს პეტრე მელიქოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და თურქეთთან ომის დროს დიდი წარმატებები ჰქონდა მოპოვებული. 


მელიქოვი ნიკოლაძეს ქუთაისის გიმნაზიიდან იცნობდა. როდესაც ნიკოს გადასახლების ამბავი გაიგო, წაიყვანა პეტერბურგში, რათა იქ მოეხადა სასჯელი. თანაც, რკინიგზის გაყვანის საქმეში მისი დახმარება ძალიან სჭირდებოდა. ამ დროს ბაქოში ნავთობს ძმები ნობელებისა და როტშილდების კორპორაცია ცალ-ცალკე მოიპოვებდა. 

მათ სურდათ, გაეყვანათ მილი ბათუმამდე და ასე გაეტანათ ბაქოდან ნავთობი. ნიკო ნიკოლაძე შეეწინააღმდეგა ამ მოსაზრებას, მთავრობა და კორპორაციის ხელმძღვანელები დაარწმუნა, რომ უმჯობესი იყო, ბაქოდან ბათუმის გავლით გაეყვანათ რკინიგზა. მისი აზრით, თუ ნავთობს მილით გადაიტანდნენ, მთავრობა ვერ დაადგენდა ზუსტად, რა ოდენობის ნედლეული გადიოდა ქვეყნიდან და ვერ განსაზღვრავდნენ ზუსტ გადასახადს. ასევე, ვერ გაარკვევდნენ მეწარმეები, ვის რამდენი ნავთობი გაჰქონდა და რა მოგება ეკუთნოდა. საბოლოოდ, ნიკომ დაასაბუთა თავისი მოსაზრებები და ასე გადაწყდა ბაქოდან ბათუმის გავლით რკინიგზის გაყვანა. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით, 1870-იანი წლების პირველ ნახევარში ფოთიდან თბილისამდე რკინიგზა უკვე გაკეთებულია. ამის გამო, სპეციალური ოქროს მედლითაც დააჯილდოვეს, რომელზეც მისი სახე და სახელი და გვარია გამოსახული. მაგრამ საქმე ის იყო, რომ არ არსებობდა წიფის გვირაბი. 


სურამიდან ცხენებით გადაჰქონდათ ვაგონები და შემდეგ ხაშურიდან ისევ რკინიგზით გრძელდებოდა ტრანსპორტირება. 

ნიკო ნიკოლაძემ ბაქოდან ბათუმის გავლით რკინიგზის მშენებლობით ისარგებლა და მთავრობას გამოაყოფინა ფული წიფის გვირაბში სარკინიგზო გზის გასაყვანად. შედეგად, რკინიგზა უკვე ბათუმიდან თბილისამდე იყო. 

ეს კი, სწორედ, ნიკოლაძის გამჭრიახობისა და ჭკუა-გონების დამსახურებით მოხდა. ნიკოს გადასახლების ვადა 1885 წელს ამოიწურა და პეტერბურგიდან თბილისში მაშინვე დაბრუნდა...


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი