დავით ჩიხელიძე: დღეს სასამართლო გათავისუფლებულია პოლიტიკური ზეწოლისგან და მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებაში თავისუფალია

21 Jul 2021 17:58

„პრემიერ-მინისტრის განცხადებას სასამართლო სისტემის გაუმჯობესების შესახებ, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა, აღნიშნული ოპოზიციის არაპროფესიონალიზმზე და მათ მიერ საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.


„სასამართლო სისტემის მდგომარეობის უკეთ აღსაქმელად აუცილებელია გავიხსენოთ წარსული და ვნახოთ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ. პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს შესახებ უდავო ჭეშმარიტება თქვა, ასახა ის მწარე რეალობა, რომელშიც სასამართლო სისტემა იყო და რომელშიც დღეს არის.


განვითარებულ სამყაროში სასამართლო სისტემის შეფასების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად გამამართლებელ განაჩენს მიიჩნევენ, რომელიც მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ასევე, ზომავს სასამართლოს გამჭვირვალობის და სამართლიანობას.


გავიხსენოთ 2009 წელი, როცა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 1.3% იყო, ხოლო 2010 წელს გამამართლებელი განაჩენი კატასტროფულ ზღვარზე დავიდა და 0.04% შეადგინა. მინდა გითხრათ, რომ თუ რეგიონების მიხედვით გავყვებით ვნახავთ, რომ მაგალითად აჭარაში გამამართლებელი განაჩენის 0.04% სანატრელი რიცხვი იყო, რადგან 2007-2008 წლებში აჭარის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი საერთოდ არ გამოუტანია, აი როგორ მდგომარეობაში იყო ნაცების დრო სასამართლო, ის პრაქტიკულად პროკურატურის გაგრძელებას წარმოადგენდა და საქმეების აბსოლუტურ უმრავლესობაზე გამამტყუნებელი განაჩენი დგებოდა.


ახლა ვნახოთ რა ხდება დღეს, გამამართლებელი განაჩენის სტატისტიკა:

2017 წ. - 4%

2018 წ.-8% 2019წ-10%

2020 წ. - 9%

განსხვავება თვალშისაცემია, 0.04%-დან 10%-ზე ასვლა ნამდვილად საშური საქმეა, დღეს ადამიანმა იცის, რომ სასამართლოში მისი გამართლების ალბათობა საკმაოდ მაღალია და მას მოსამართლის არ ეშინია, „ნაცების“ დროს სასამართლოს ფორმალური დატვირთვა ჰქონდა და იქ მოხვედრილმა ადამიანმა ზუსტად იცოდა, მისი შემდეგი გაჩერება ციხე იყო.


დღეს სასამართლოში რეალურად ხდება ოპონირება, მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი და ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს, სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება, დღეს სასამართლო გათავისუფლებულია პოლიტიკური ზეწოლისგან და მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებაში თავისუფალია“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი