შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს - სპიკერატის ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ახტომა, რუსეთის ჰიმნის ჩართვა, ეს არათუ საპარლამენტო პროტესტია, ეს არის უმსგავსობა

22 Jul 2021 15:04

საპარლამენტო პროტესტის ფორმა გიწერიათ რეგლამენტში და თქვენ იყენებთ კიდეც - ეს არის სხდომის ბოიკოტი. სხვა დანარჩენი არათუ საპარლამენტო პროტესტია, ეს არის უმსგავსობა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე.

პაპუაშვილმა პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის დროს, რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალადობა არავისზე შეიძლება, რითაც მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას შორის მომხდარი ინცინდენტი ახსნა.


„ძალადობა არ შეიძლება არც ქალზე, არც კაცზე და საერთოდ არავისზე. გამორჩევა ძალადობასთან დაკავშირებით აქ არ არის. მაგრამ ასევე არ შეიძლება ძალადობა სიმართლეზე. კერძოდ, თქვენ როცა საუბრობთ, რომ სპიკერატის დაკავება, ტრიბუნის ბლოკირება, მაგიდაზე ახტომა, რუსეთის ჰიმნის ჩართვა ეს არის საპარლამენტო პროტესტის გამოხატულება თითქოს, ეს არის ტყუილი! ეს არ არის სიმართლე. რასაც თქვენ ცდილობთ ამ პარლამენტში დაამკვიდროთ, თითქოს ეს არის საპარლამენტო პროტესტის ფორმა, ეს არის ტყუილი. საპარლამენტო პროტესტის ფორმა გიწერიათ რეგლამენტში და თქვენ იყენებთ კიდეც - ეს არის სხდომის ბოიკოტი. სხვა დანარჩენი არათუ საპარლამენტო პროტესტია, ეს არის უმსგავსობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.





კომენტარები:

ფართი შოპი