გახდება თუ არა ევროპაში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო?

22 Jul 2021 20:34

კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო აცრის შესახებ დისკუსია ევროპულ ქვეყნებში განსხვავებულად მიმდინარეობს. Deutsche Welle-მ გაარკვია რას ფიქრობენ ამის შესახებ ევროკავშირში.


საფრანგეთი: მაკრონმა თანამოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა

12 ივლისს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის სატელევიზიო მიმართვაში, რომელმაც უფრო მეტი მაყურებლის ყურადღება მიიქცია, ვიდრე - ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალმა, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიას ახალი სტიმული მისცა. უპირველეს ყოვლისა, მის მიერ შემოთავაზებული ზომები გავლენას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებზე იქონიებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სექტემბრისთვის საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლები არ აიცრებიან, ამით ისინი სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აუცრელთათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა. აღნიშნულ ტელემიმართვაზე ფრანგების რეაქცია იმით გამოიხატა, რომ აცრაზე დარეგისტრირებულთა რიცხვი გაიზარდა. 


სავალდებულო აცრის მოთხოვნას საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსის მეტად გადამდები „დელტა შტამის“ გავრცელებით ხსნის. უფრო მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 39%-ი ჯერ კიდევ სრულად არ არის აცრილი. სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს საფრანგეთში კრიტიკა ჯერჯერობით არ მოჰყოლია და არც დისკუსიები გამართულა. პირიქით, მაკრონის გამოსვლისთანავე, აცრაზე საფრანგეთის თითქმის მილიონამდე მოქალაქე დარეგისტრირდა. შესაბამისი ვებგვერდის - Doctolib თანახმად, ასე ძირითადად 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მოიქცნენ.


გერმანია: ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო არ გახდება


სხვა ქვეყნებში სავალდებულო აცრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე გერმანიის ხელისუფლებამ ხაგზასმით განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა აბსოლუტურად საპირისპირო პოზიციაზეა და არ აპირებს თავისი მოქალაქეები მათი ნების საწინააღმდეგოდ აცრას. ამის შესახებ 14 ივლისს ანგელა მერკელმა, მისთვის უჩვეულოდ მკაცრი ფორმით განაცხადა. "ჩვენ არ ვაპირებთ საფრანგეთის მიერ შემოთავაზებული გზით სიარულს. უკვე განვაცხადეთ, რომ აცრა სავალდებულო არ გახდება", - თქვა გერმანიის კანცლერმა. 


ნაკლებად სავარაუდოა, რომ მერკელის განცხადებამ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვიოს - ხელისუფლებას რომც სურდეს გერმანიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს, ეს საკმაოდ არარეალურია. მოქალაქეთა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება ქვეყნის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს. მაგალითად, საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლამდე ბავშვი წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყოს აცრილი. ამ ვაქცინის გაკეთება სავალდებულოა საჯარო და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, მათ შორის - აღმზრდელებისა და პედაგოგებისთვის. თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს ასევე მოეთხოვებათ წითელას საწინააღმდეგოდ აცრა საერთო საცხოვრებელში ჩასახლებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.


საბერძნეთი: ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ქვეყანაში პანდემიის კონტროლს საბერძნეთის მთავრობის მეთაური მკაცრი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების საშუალებით ცდილობს. ”ჩვენ არ ვაპირებთ კვლავ ჩავკეტოთ მთელი ქვეყანა, აცრისადმი ზოგიერთების დამოკიდებულების გამო“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა. უახლოეს მომავალში, ქვეყნის მცხოვრებლებს შეეძლებათ რესტორნებსა და კულტურული დაწესებულებების დახურულ სივრცეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ესტუმრონ, თუ ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილები იქნებიან. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოხუცთა თავშესაფრების თანამშრომლები ასევე სავალდებულო წესით უნდა აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება სამსახური დაკარგონ. 


ბერძნები ხელისუფლების ამ მოთხოვნებით განსაკუთრებულად არც შფოთავენ. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ უმრავლესობა აცრას ისედაც სავალდებულოდ თვლის. ამასთანავე, პანდემიასთან ბრძოლის შეზღუდვების მნიშვნელოვანი შემსუბუქების ფონზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები კლუბური და ღამის ცხოვრების განახლებას ასახელებენ. საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემის არასტაბილური მდგომარეობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ განგაში უკვე ატეხა.


ჩეხეთი: სავალდებულო აცრა მხოლოდ დროის საკითხია?

დღის მდგომარეობით, ჩეხეთის ყველა ბავშვი აცრილი უნდა იყოს ცხრა ინფექციური დაავადების მიმართ. მათ შორის არის - დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, B ჰეპატიტი, წითელა, წითურა და ყბაყურა. ამ აცრების გარეშე ბავშვს არცერთ ბაღი ან სკოლა არ მიიღებს. აუცრელი ბავშვების მშობლებს კი ფულადი ჯარიმები ეკისრებათ.  ამ საკითხზე ქვეყანაში საჯარო დებატები არ მიმდინარეობს. შესაძლოა, ეს ასევე განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული მიმართულებით ჩეხეთის მთავრობის მკაცრი პოლიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დააკმაყოფილა. სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ ჩეხეთის ჯანდაცვის პოლიტიკა "ყველა გაგებით" ბავშვების ინტერესების დაცვას ემსახურება.


ჩეხეთის ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაც სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამის ნაწილი გახდეს. რობერტ კოხის ინსტიტუტის თანახმად, ჩეხეთში სრულად აცრილთა რაოდენობა მხოლოდ 36%-ს შეადგენს. ეს, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი