„ის ტყუილები, რაც გვესმის, რომ ევროპელები გვაძალებენ, მაინცდამაინც ანზორიმ ვანო უნდა მოიყვანოს, არის ტყუილი“ - გიორგი უშიკიშვილი

23 Jul 2021 01:51

„მინდა, რომ სახელმწიფოში ყველას ჰქონდეს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ყველას შეეძლოს ის თქვას, რაც აწუხებს, გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ეს პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი“, - აღნიშნულის შესახებ ქართველმა მომღერალმა და ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა განაცხადა.


როგორც ის აცხადებს, ქართველობა არ გამოიხატება ჩოხის ჩაცმასა და აგრესიის წარმოჩენაში. მისი თქმით დღეს არსებული ვითარება და დაპირისპირება რაც ქვეყანაშია „არაფრამდე მიგვიყვანს.“


„არ მიყვარს არავის დამოძღვრა, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემა არის უდიდესი რამ. ყველას შეუძლია, მათ შორის პრაიდის წინააღმდეგაც გამოთქვას პროტესტი, მაგრამ დადექი, თქვი, რომ არ მოგწონს, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ფორმით.


ამ ბოლო დროს გარკვეულმა მხარემ გადაწყვიტა მიისაკუთროს და გააკეთოს ეროვნულობის ოკუპაცია, რომ მაგალითად ჩოხიანი კაცი რომ ხარ, ეროვნული ხარ. თქვენ გინახავთ ილია ჭავჭავაძე ჩოხაში? მაგრამ ხომ შეიძლება მისი მკვლელი ბერბიჭაშვილი ატარებდა ჩოხას? არც ნიკო ნიკოლაძეს ეცვა ჩოხა, ორივე დადიოდნენ გაწკეპილი ბაფთით, მაგრამ ერთია - ჭავჭავაძე მოვკალით, ნიკოლაძეს - ვიჭერდით. ასე რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა ველაპარაკოთ ელემენტარულ რაღაცებზე, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.


როდესაც შენ, სახელმწიფოს, გაქვს პასუხისმგებლობა, ის ადამიანები ვინც შენთან მიკროფონით მოდიან, არიან გადამხდელები იმ თანხისა, საიდანაც შენ კარგ საქმეს აკეთებ, ამიტომ ინფორმაცია არის აუცილებელი. არაფრამდე არ მიგვიყვანს ეს ყველაფერი. გვაქვს მოცემულობები, ყველანაირი ადამიანია და როგორ შევთანხმდეთ რაღაცებზე, რაზედაც ვერ ვთანხმდებით? გავიყოთ და ვიჩხუბოთ?


თუ ის, რაც მთავარი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიღება და ქვეყანა, რომელიც არც კონსტიტუციას ემორჩილება და არც კანონს, იქ ერთიანობას, განათლებას, მაგარ ეკონომიკას ვერ მივაღწევთ და ქვეყანა წავა უფსკრულისკენ.


ქართველობა, მეგობრებო, არის მსახურება ამ ქვეყნის, არის ყოველდღიური ზრუნვა იმისა, რომ ეს ქვეყანა იყოს მეტად ცივილიზებული, გამზიარებელი ევროპული ღირებულებების და ის ტყუილები, რაც ჩვენ გვესმის, რომ ევროპელები გვაძალებენ, რომ მაინცდამაინც ანზორიმ ვანო უნდა მოიყვანოს, ეს არის ტყუილი.


ყველაფერი რაც ჩვენს იდენტობასთან დაკავშირებულია: ქართული ხელნაწერები, გალობისა და სიმღერის ჩანაწერები, ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების რეაბილიტაცია, ყველაფერი გაკეთებულია ამერიკელებისა და ევროპელების მიერ. მთავარი ღირებულება ევროპელისთვის არის, რომ შენ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ, შენი კულტურული ღირებულებებით და შენი წარსულით“ , - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი