ეხმარება თუ არა სამყარო ყველას და როგორ უნდა მოძებნოთ ქვეცნობიერთან დამაკავშირებელი ძაფი

23 Jul 2021 12:11

სამყარო „გულისხმიერია“ ყველას მიმართ, ეხმარება და ხელს უწვდის ნებისმიერს და ამისთვის ადრესატს სიგნალს მინიშნებებით უგზავნის. უბრალოდ, ვიღაც იყენებს ამას, ვიღაც კი საერთოდ ვერც ამჩნევს მისთვის განკუთვნილ გზავნილებს. როგორ მოვიქცეთ, რომ სამყაროს ეს მხარდაჭერა ხელიდან არ გავუშვათ? - „როცა რამეს გულით მოინდომებ, მთელი სამყარო მოიწადინებს, რომ სურვილი აგიხდეს,“ - ზუსტად ესადაგება ჩვენს თემას პაულო კოელიოს ეს ციტატა. ანუ აზრი, ფიქრი, იდეა არის საწყისი ყველაფრის და როგორ უნდა წარვმართოთ ის, რომ ცხოვრებაში ჩანაფიქრის რეალიზება მოვახერხოთ, განგვიმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი ემზარ მ.

- ამ თემაზე ძალიან ბევრია ნათქვამი. დღეს უკვე მეცნიერებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენი აზრები მატერიალიზდება და დროთა განმავლობაში ამა თუ იმ მოვლენად ყალიბდება. მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აზრი ეს ფიზიკური ველია, რომელიც ფლობს ენერგიას და ეს ძლიერი ენერგია იზიდავს მოვლენებს. მაგალითად, თუ ქურდებისა და ლოთების გეშინიათ, შესაბამისად, ხშირად ფიქრობთ მათზე, რითაც - თქვენკენ იზიდავთ. თუ კეთილი ხართ და აზრები და ზრახვებიც კეთილი გაქვთ, მაშინ თავადაც სიკეთეს იზიდავთ. ამიტომაც უნდა იცხოვროთ ისე: ირგვლივ ყველაფერს ამჩნევდე, ილტვოდე სიახლისკენ და მუდმივად აფართოებდე სივრცეს შენ გარშემო და არა - ჩაიკეტო საკუთარ წრეში: სახლი, სამსახური, ოჯახი. თუ თქვენი აზრები მხოლოდ ამ წრეზე ბრუნავს, მაშინ რეალურ ყოფაშიც ასე იქნება.


- ჩვენ ხომ არარაობამდე მცირედნი ვართ სამყაროსთან შედარებით...

- და ეს უზარმაზარი სამყარო მაინც გვამჩნევს და გვეხმარება ყველას. გვიგზავნის შესაბამის ნიშნებს და ჩვენც ხელიდან არ გავუშვათ შანსი. თუ აგეკვიატათ და სულ თან გდევთ ერთი და იგივე რიცხვი ან სიტყვა - შეიძლება ეს იყოს ქალაქის დასახელება ან რაიმე სხვა, რომელიც გამუდმებით ჩაგესმით ყურში. დაადგინეთ, ზუსტად რა ხდება იმ მომენტში, გაიხსენეთ რაზე ფიქრობდით, რას აკეთებდით - ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვოთ დამაკავშირებელი ძაფი ქვეცნობიერთან. სწორედ ამ მომენტებში მოდის დასახმარებლად სამყარო და ცდილობს, გიბიძგოთ გასასვლელისკენ, რომელიც შეიძლება სულ სხვა მხარესაა. ამიტომ, იფიქრე, ეძებე, გააანალიზე მოვლენები და სიტუაციები. შეიძლება ერთი და იგივე სიზმარი გესიზმრება ან რაიმე აზრს გაწოდებს ქვეცნობიერი, შენ კი ვერ ასწრებ მის დაჭერას.


- ეს შეიძლება უსიამოვნებებიც იყოს?

- როცა უსიამოვნებები იწყება, განსაკუთრებით მაშინ უნდა იყოთ ყურადღებით - შეიძლება, სწორედ ესაა ბედის მინიშნება, რომელსაც უნდა, რომ შეგანჯღრიოთ და დაგაფიქროთ. სამყარო მუდმივად ტესტავს და ამოწმებს თქვენს გამძლეობას და თუ მცირე პრობლემასა და სირთულეს დანებდებით, მაშინ სამყარო როგორღა გენდობათ დიდ პროექტებში?


- როგორ შეიძლება მივაწვდინოთ ხმა სამყაროს?

- თავად შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა სამყაროს - მუდმივად ატრიალეთ ეს აზრი თავში და თვალყური ადევნეთ მინიშნებას. სამყარო აუცილებლად გამონახავს საშუალებას, თუ რა სახით „დაგიკაკუნოთ“. ნეგატივი ძლიერად იზიდავს ნეგატივს, ამიტომ ნაკლები იფიქრეთ ავადმყოფობასა და უსიამოვნებებზე. გაეცით ბრძანება, რომ გონებაში გამუდმებით იტრიალოს თქვენმა ოცნებამ, ხშირად დაწერეთ ის ქაღალდზე და თუ მართლა ასე ძალიან გსურთ, აუცილებლად აგისრულდებათ. რადგან, როგორც ბუდა ამბობს: „სამყარომ იცის რა იქნება უკეთესი. ადრე თუ გვიან ის შეგვახვედრებს საჭირო ადამიანებს და დაგვაშორებს - უსარგებლოს.


- ესე იგი ფიქრი, იდეა, აზრია სწორედ ის ენერგია, რომლითაც შეიქმნა ყველაფერი?

- დიახ ყველაფერი ადამიანის ჩათვლით: ყველაფერი, რასაც ვხედავთ, აღვიქვამთ და ტრანსცენდენტურია (შესაძლებლობათა ზღვარს მიღმა) ჩვენთვის, არის აზრის კონკრეტული ენერგეტიკული მდგომარეობა. მაგრამ საწყის ეტაპზე აზრი ძალიან მაღალი სიხშირით პულსირებს. იმდენად სწრაფად, რომ აზრისგან სინათლის მისაღებად მისი სიხშირე არსებითად უნდა შემცირდეს. შესაბამისად, აზრის სიჩქარე აღემატება სინათლისას. ასეთ დასკვნას აკეთებენ ფიზიკოსები კვანტური „ორომტრიალისგან“, როცა ორი შეერთებული ფოტონი წამიერად აწვდის ინფორმაციას ერთმანეთს საკუთარი მახასიათებლების შეცვლაზე. მართალია, ჯერ კიდევ ყველა მეცნიერი არ აღიარებს, რომ სწორედ აზრია ინფორმაციის წამიერად გადაცემის საშუალება, რადგან მატერიას ისინი დღემდე ცოცხლად და არაცოცხლად ყოფენ. თუ შემდეგშიც განვაგრძობთ აზრის სიხშირის შემცირებას, მაშინ სინათლეს მატერიად გადავაქცევთ, და კიდევ უფრო მერე - ფიზიკურად მყარ ნივთიერებად.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ის რომ ადამიანს აქვს აზრის ჩამოყალიბების უნარი, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს ღვთაებრიობაზე. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით, ვიღებთ აზრს და ვქმნით მისგან ყველაფერს, რაც გვინდა! სანამ წინ დაიდებთ თეფშს ულუფით, მანამდე ფიქრობდით მასზე. სანამ შიმშილს იგრძნობთ, მანამდე იწყებთ ფიქრს მასზე. რეფლექტორული (ანუ გაუცნობიერებელი) ქმედებაც კი ნაწარმოებია აზრისგან. აბა, დაუსვით კითხვები საკუთარ თავს: გახდებოდით ის, რაც ხართ, თუ მანამდე აზრი არ შეგექმნებოდათ ამაზე? გააკეთებდით იმას, რასაც აკეთებთ, რომ მანამდე არ გეფიქრათ ამაზე? - აშკარაა, რომ არა! იმიტომ რომ, რობოტები არ ვართ და თავისუფალი ნება გაგვაჩნია! ოღონდ, უნდა გვჯეროდეს ამის.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი