პარლამენტში „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს

26 Jul 2021 18:45

„წარმოგიდგენთ ანგარიშს, დასკვნას,  რეკომენდაციებს, დადგენილების პროექტს, რომელიც ასახავს დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ყველა იმ ფაქტის შესწავლას, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციის დიდი ნაწილი, თვეების განმავლობაში ცდილობდა საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური, არჩევნები გაყალბდა, ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს რომელსაც შეიძლება ჰქონოდა გარკვეული გავლენა იმ საბოლოო შედეგებზე, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოაჩინა“,-განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 

გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს.


„მინდა,  მადლობა გადავუხადო კომისიის წევრებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ თითოეული საკითხი დეტალურად და სიღრმისეულად ყოფილიყო შესწავლილი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მასმედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში დეტალურად გააშუქეს საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა პროცესი“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით შეიქმნა. კომისიამ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით იმუშავა, რომლებიც თავად "ქართული ოცნებიდან" და ასევე, "ევროპელი სოციალისტებიდან" იყვნენ წარმოდგენილი.

 

საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო.


კომისია ორ თვე ნახევრის განმავლობაში მუშაობდა და პროცესში აქტიური თანამშრომლობა შედგა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან., საქართველოს პროკურატურასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.

 



კომენტარები:

ფართი შოპი