„არის მომენტები, როდესაც მანქანის კაბინაში ვეღარ ჩერდები, გინდა გადახვიდე და გაიქცე" - სასწრაფოს ექიმის ემოციური პოსტი

27 Jul 2021 17:46

პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი, ფიქრია შიომღვდლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც „დაიჯესტი" უცვლელად გთავაზობთ:


„არის მომენტები, როდესაც მანქანის კაბინაში ვეღარ ჩერდები, გინდა გადახვიდე და გაიქცე, როგორმე მოასწრო მიხვიდე იქ, სადაც “ღმერთმა გადამარჩინა”-ს სათქმელად თავად უფალი გგზავნის… ამას ვერავინ მიხვდებით, რაც უნდა ხატოვნად გადმოვცე, ეს უნდა გამოცადოთ. ეს ის მომენტებია, როდესაც არ გახსოვს არც ოჯახი, არც პირადი პრობლემები, საერთოდ არაფერი და არავინ, ხელებზე ხელთათმანით, მოზღვავებული ადრენალინით და გახშირებული გულისცემით სივრცის გარღვევას ცდილობ, რათა ვიღაცის გული არ გაჩერდეს და დროზე ადრე არ დატოვოს ბებერი, მრგვალი დედამიწა… თქვენ არ იცით რას ნიშნავს თვეების შემდეგ იმ ადამიანის ნახვა, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ენერგია ჩადე და ცოცხალიც აღარ გგონია. არ იცით, რანაირი ემოციაა გადარჩენილი პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი თქვენს ხელს ხელში რომ მოიქცევს და აწყლიანებული თვალებით გეტყვით მადლობას… ყოველი მორიგეობის მიწურულს ვფიქრობ რომ მორჩა… რომ მე ამ გადაღლას ვეღარ გავუძლებ, რომ გაქცევა მინდა, მაგრამ სულ,სულ,სულ ყველაფრის მიუხედავად, (ვგულისხმობ ზოგად ბრალდებებს ექიმების მიმართ, პერიოდულად აგრესიულ შემოტევებს საზოგადოების მხრიდან, ცინიკოსობას უმადურობას, ტალახის სროლას), უსაზღვრო ბედნიერება მოაქვს განცდას, რომ შეძელი და შენ შენი ხელებით, რომელიც არც ჯადოსნურია და არც სასწაულმოქმედი, სიკვდილს ირონიული ალიყური გააწანი და გააძევე კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრებიდან …”,– წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი