მოსწავლეებისთვის კონკურსი – „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“ ცხადდება

27 Jul 2021 18:28

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის კონკურსს „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“აცხადებს.


კონკურსი მოსწავლეებში ასტროფიზიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამყაროში უცხო ცივილიზაციათა არსებობის შესაძლებლობა შემოქმედებითი გზით გადმოსცენ, დაფიქრდნენ პასუხგაუცემელ კითხვებზე – უნიკალურია თუ არა Homo sapiens და ხომ არ არსებობენ მსგავსი (ჰუმანოიდური, ცილოვანი ან სხვა ტიპის) ცივილიზაციები ე.წ. ეგზოპლანეტებზე?! კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა შექმნან საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც შემოქმედებითად გამოხატავს უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრას.


საკონკურსო მასალა შესაძლოა წარმოადგენდეს ესეს (ტექსტი – არაუმეტეს 500 სიტყვისა, შრიფტი Sylfaen, ზომა 11), სამ ნახატს ან სამ ფოტოსურათს. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომი ასახავდეს დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის უცხო ცივილიზაციის წინაშე შემოქმედებით წარდგენას. ამასთან, საკონკურსო მასალას თან უნდა დაერთოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, სკოლა და კლასი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი 3 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: junior@tsu.ge


განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია გამოავლენს ათ საუკეთესო ნაშრომს, ხოლო ავტორებს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.


კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3i2jLGv


შეგახსენებთ, რომ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის). წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და საინტერესო აქტივობა განხორციელდება.

 




კომენტარები:

ფართი შოპი