ლევან იოსელიანი - „ოცნებას" არ სურს თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად გადააქციოს, ამიტომ მოხდა შეთანხმების ანულირება - ამის გაკეთების საშუალება "ნაცმოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა

28 Jul 2021 19:45

"ქართული ოცნების" მიერ შეთანხმების ანულირება არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა - ამის გაკეთების საშუალება მას "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.


მისივე თქმით, ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.


"მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იმ ძალისხმევასთან მიმართებაში, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებაში ჩაიდო. წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო და "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად თქვა ამაზე უარი, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა "ნაციონალური მოძრაობის", რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს და გაუხსნა ხელ- ფეხი "ქართულ ოცნებას", რომ ცალმხრივად უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე, ეს არის ჩემი აზრით თანაბარუპასუხისმგებლობა და ამ უპასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" იჩენდა ამ პერიოდის განმავლობაში და ჩემთვის ეს არ იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, ამაზე ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს აქამდე მივიდოდა", - განაცხადა იოსელიანმა.


იოსელიანი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნების რეფერენდუმად ქცევა არ უნდა.


მისივე თქმით, ახლა საკონსტიტუციო ცვლილებებია გადასარჩენი, რომლითაც საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს.


"საკონსტიტუციო ცვლილებები არის გადასარჩენი, ამ ცვლილებებზე უარის თქმა, შეიძლება შედიოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშიც, რომ ბარიერი არ იყოს 2 პროცენტიანი. ფაქტია "ქართულ ოცნებას" არ სურს თვითმმართველობის არჩევნები გადააქციონ ერთგვარ რეფერენდუმად, ამიტომ მოხდა ამის ანულირება. მეორე საკითხია რამდენად იყო ამ თემის რეფერენდუმად გადაქცევა ყველა პარტიისთვის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს აქამდე რომ მივიდოდა, ეს უნდა ყოფილიყო განხილული პარტიებში, ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით პარტიის შიგნით, რომ ეს ამას გამოიწვევდა. მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ მშვიდობით მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებამდე და მივაღწიოთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გამოიწვევს ბარიერის შემცირებას და უნდა ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. ეს არის მთავარი გამოწვევა ახლა და საბოლოო ჯამში ეს პოლარიზება უნდა დავასრულოთ,"- განაცხადა იოსელიანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი