გიორგი ვაშაძე - მივმართავ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს, დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში

28 Jul 2021 21:02

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს - ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს და აცხადებს, რომ დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, რათა დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.


ამის შესახებ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დოკუმენტის ანულირების უფლებას არ მისცემს.


„პირველ რიგში ბატონ ირაკლის მინდა მივმართო - რას ჰქვია რომ უნდა გახვიდეთ? ვის ჰკითხეთ რომ უნდა გახვიდეთ? საქართველოს მოქალაქეებს ჰკითხეთ, ამ დოკუმენტზე ხელმომწერებს ჰკითხეთ თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაცვ გაიძულეს ამ დოკუმენტზე ხელი მოგეწერათ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულმა ოცნებას“ არ უნდოდა არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ვაიძულეთ ისინი წასულიყვნენ შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის. კიდევ ერთი რამ მაინტერესებს - საქართველოს ევროპული გზის ანულირებას ახდენთ? თუ ნატო-ში ინტეგრაციის გზის? შეგახსენებთ, რომ ნატო-ს კომუნიკეში არის მოხსენიებული შარლ მიშელის დოკუმენტი.


მივმართავ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს - პირადად მინდა მივმართო ამერიკის ელჩს და ევროკავშირის ელჩს. როცა ჩვენ ამ დოკუმენტს ვაწერდით ხელს, მთავარი გარანტია ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა. არ ვენდობოდით „ქართულ ოცნებას“ რადგან ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დრესაც დაადასტურეს თავიანთი თაღლითობა. სწორედ თქვენი უშუალო მხარდაჭერისა და გარანტიების ქვეშ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელს. ამიტომ დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები - საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე 43%-იანი რეფერენდუმის საკითხი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს.


ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 43%-ზე ნაკლები აიღოთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა, რომელსაც თქვენ ხელოვნურად ქმნით და გინდათ საზოგადოება შუაზე გახლიჩოთ, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ. არ დაგითმობთ ამ ქვეყანას საჯიჯგნად! ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს, რომ ვიმუშავებთ დასავლელ პარტნიორებთან და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებთან. ვიმუშავოთ იმისთვის, რომ შევასრულებინოთ ნაკისრი ვალდებულებები და არანაირი დოკუმენტის ანულირების უფლება არ მივცეთ!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი