ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სოფელ არხილოსკალოდანაა. 6 წლის ასაკში სწორედ იქ დაიწყო ძიუდოში ვარჯიში. დარბაზი, სადაც ვარჯიშობდნენ, დღეს დანგრევის პირასა, თუმცა არც თხუთმეტიოდე წლის წინ იყო კეთილმოწყობილი - მეორადი ლეიბებით და ყველანაირი სპორტული ინვენტარის გარეშე.
ლაშამ ბავშვობის წლები გაიხსენა, რომლებიც არც ისე მარტივი იყო:
"ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ... გირები და ჰანტელები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში. მანქანის ძველ საბურავებს გამოვიბამდით ქამარზე და ისე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით... ჩემი სახლიდან ამ დარბაზამდე, 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ფეხით დავდიოდით ამ მანძილს, ამხელა გზაზე სიარული პატარა ბავშვისთვის ძალიან ძნელი იყო...
ახლა წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს. მინდა მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ სამშობლო და ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ამიტომ ვიბრძოლე დღეს სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა, ეს ბრძოლა. გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე ეს დიდი ოცნება. ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა და ამისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიყვარხართ მთლიანად საქართველო და ჩემი ხალხი", - აღნიშნა ჩემპიონმა.
რეზონანსი