თბილისის საკრებულოს კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ გამარჯვებულები დასახელდნენ. გამარჯვებულ სკოლებსა და გუნდებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მიესალმნენ და ჯილდოები გადასცეს.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი N203, მეორე ადგილი - N115 და მესამე ადგილი N138 საჯარო სკოლებმა მოიპოვეს.
ნომინაციაში ,,ჟიურის სპეციალური აღნიშვნა’’ გამარჯვებულად დასახელდა N16 საჯარო სკოლა, „ხალხის რჩეული“ კი გახდა N 172 საჯარო სკოლა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, კონკურსის მიზანი პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემის პოზიტიურ ჭრილში ხედვა იყო. მისივე თქმით, კონკურსის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და ინტერესები აღმოაჩინეს.
„კონკურსი საინტერესოდ და შემეცნებითად წარიმართა. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მოსწავლეების მიერ გამოვლენილი მაღალი ერუდიცია და სხვადასხვა აქტუალური საკითხების მიმართ სამოქალაქო პოზიცია. მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს. მინდა, მივულოცო კონკურსში გამარჯვებულებს და წარმატება ვუსურვო მათი ნიჭის წარმოჩინების გზაზე,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ კონკურსის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს, გააანალიზეს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკი, საკუთარი და საზოგადოების როლი პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში.
მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს და ჟიურის წევრებს.
„კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ წარმატებით ჩატარდა. არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო მოსწავლეების ენთუზიაზმის და მათ მიერ გამოვლენილი უნარების გამო. ძალიან სასიამოვნო იყო ამ უაღრესად საინტერესო პროცესისთვის თვალყურის მიდევნება. მადლობა ყველა მონაწილეს მათი ნიჭისთვის და ვულოცავ გამარჯვებულებს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
გამარჯვებული ვიდეორგოლები კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: განათლების ექსპერტი - ირინა აბულაძე, ფსიქოლოგი - ხათუნა მუზაშვილი, კინორეჟისორი- ლევან კიტია, მწერალი - გიორგი კეკელიძე და ხელოვნებათმცოდნე - სოფიო პატარაია. ჟიური ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით: პოზიტიური ხედვა; შემოქმედებითი მიდგომა; სცენარი და შინაარსი; ფასეულობითი სარგებელი.
კონკურსის გამარჯვებული სკოლების დირექტორებსა და მოსწავლეებს კონკურსის მხარდამჭერი კომპანიების ,,ლიბერთი ბანკის’’, ,,ბიბლუსის’’ და ,,ვულე-ვუს’’ მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.
თბილისის საკრებულომ კონკურსი „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ 2 ივნისს ერთჯერადად გამოაცხადა. პროექტის მიზანი იყო პანდემიის პერიოდის პოზიტიურ ჭრილში განხილვა და ბავშვების დახმარება იმ იდეების, სიახლეების, საინტერესო გეგმების რეალიზაციაში, რომლებიც პანდემიის პერიოდში დაუგროვდათ. კონკურსში თბილისში მდებარე ორმოცდაექვსმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული კონკურსი განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით ჩატარდა.