საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე უკვე 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალია. ოთხივე მედალი საქართველოს, ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მოუტანა. ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ) ვერცხლის მედლების და ლაშა ბექაურის (90 კგ) ჩემპიონობის შემდეგ, დღეს ჩვენს დელეგაციას კიდევ ერთი ვერცხლის მედალი შემატა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ). თუშიშვილმა ბოდოკანის ბრწყინვალე დარბაზში მართლაც დამაჯერებლად იჭიდავა და ძალიან ცოტა დააკლდა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე.
მსოფლიოს ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულმა თუშიშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა ტაჯიკი თემურ რახიმოვის იპონით დამარცხებით დაიწყო და ¼ ფინალში გავიდა, სადაც გაფრთხილებებით აჯობა ბრაზილიელ გოლიათს რაფაელ სილვას და ½ ფინალში გავიდა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში გურამი ვაზარით მარცხდებოდა რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან ტამირლან ბაშაევთან, თუმცა მეტოქეს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ სუფთა გდებაც გაუკეთა და ფინალში გავიდა.
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში თუშიშვილის მეტოქე იყო ჩეხი ოლიმპიური ჩემპიონი ლუკას კრპალეკი. გურამმა მასთან შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს 2 გაფრთხილებაც მიაღებინა, თუმცა მალევე შებოჭვაზე მოჰყვა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა ტყვიის მსროლელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელმაც 25 მეტრიდან სპორტული იარაღით სროლაში ფინალში შესვლა ვერ მოახერხა. ორდღიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ სალუქვაძემ ჯამური 578 ქულა დააგროვა და 44 სპორტსმენს შორის 25-ე ადგილი დაიკავა.
ლეგენდარულმა სპორტსმენმა კვალიფიკაციის პირველ დღეს ასეთი შედეგი აჩვენა - 94, 98, 99 ქულა და ჯამური 291, რაც მე-7 შედეგი იყო.
30 ივლისს მსროლელებს სამი სერია უკვე სწრაფ სროლებში ჰქონდათ და ფინალში გამსვლელი 8 სპორტსმენის ვინაობაც ასე გაირკვა. ნინომ - 94, 96 და 97 ქულა დააფიქსირა, ჯამში როგორც ვთქვით 578 ქულა დააგროვა და 25-ე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ სალუქვაძემ მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია - ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაო მოიპოვა.
სალუქვაძის სარეკორდო ოლიმპიადას არაერთი პოპულარული სპორტული გამოცემა და სპორტსმენი გამოეხმაურა და მის შედეგებს შთამბეჭდავი უწოდა.
მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ესკერხან მადიევიც (69 კგ), რომელმაც ორი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ¼ ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო, რაც იმას ნიშნავდა რომ გამარჯვების შემთხვევაში მადიევი ნახევარფინალურ საგზურთან ერთად ბრინჯაოს მედალს გაინაღდებდა. სამწუხაროდ, ქართველი მოკრივე რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან ანდრეი ჟამკოვოისთან სამივე რაუნდში დამარცხდა და მედლის მოპოვება ვერ შეძლო.
ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ჰქონდა ბირთვის მკვრელ სოფიო შათირიშვილს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში იასპარეზა და ბირთვი 15.31 მეტრზე ჰკრა. ამ შედეგით სოფიომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა.
ხვალ, 31 ივლისს ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება ორი ქართველი სპორტსმენი - სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა და ძალოსანი ანტონ პლესნოი (96 კგ).