ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკ-ის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში

30 Jul 2021 18:46

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში  და ფინანსურ ანგარიშგებებზე დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა   მოისმინეს.  კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და შედეგების შესახებ ისაუბრა, რომელთა შორის ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასა და ჰარმონიზაციაზე ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან. მომხსენებელმა მიმოიხილა  გასული წლის განმავლობაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში   გამოკვეტილი  ტენდენციები, ასევე ისაუბრა ფასწარმოქმნასა და სატარიფო რეგულირებაზე.


დავით ნარმანიას განცხადებით, 2020 წელს COVID-19-ის გავრცელების მასშტაბებისა და გლობალური პანდემიის ფონზე მარტი-მაისისა და ნოემბერ-დეკემბრის პერიოდებში ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა შემოეღო შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკასა და, მათ შორის, კომისიის მიერ რეგულირებულ სფეროებზე იყო  ნეგატიური.

„აღნიშნული შეზღუდვები შესაბამისად აისახა ელექტროენერგეტიკის ზოგად მაჩვენებლებზე“, -განაცხადა  დავით ნარმანიამ.  მან ასევე ყურადრება გაამახვილა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

დღესვე  კომიტეტის სხდომაზე  დეპუტატებმა მოისმინეს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიში. საზოგადოებრივი დამცველის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ენერგოომბუდსმენის სამსახურის ეფექტურად მუშაობის მიზნით შეიქმნა რეგიონალური წარმომადგენლობები ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. მისივე თქმით, 2020 წლის მანძილზე ონლაინ ფორმატში გადაინაცვლა  კამპანიამ მომხმარებელთა უფლებების ცნობიერების ასამაღლებლად .


„ საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე ოფიციალურად დარეგისტრირდა 567 განცხადება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს არ არის მომართვიანობის სრულყოფილი სურათი, ვინაიდან ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე განცხადებების ძირითადი რაოდენობა მივიღეთ სოციალურ ქსელებისა და სატელეფონო კომუნიკაციების საშუალებით“, განაცხადა მომხსენებელმა.


მისი თქმით, მომხმარებლების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მრავალი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია უსაფუძვლო დარიცხვასთან, დაზიანებული სისტემის არსებობასთან, დაბალი წნევით სასმელი წყლის მიწოდებასთან, ქსელზე მიერთების დაგვიანებული სამუშაოების შესრულებასთან და სხვ.  მისივე მოსაზრებით, რეგისტრირებული განცხადებების შინაარსი წარმოაჩენს მომხმარებლების პრობლემურ მიმართულებებს, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ მონიტორინგსა და ანალიზს.





კომენტარები:

ფართი შოპი