პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2008 წლის შედეგად დაზარალებულ სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, სოფლის რეაბილიტაცია იწყება

31 Jul 2021 12:42

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა ქალაქ გორში გაიმართა.


კომისიის რიგით 22-ე სხდომა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.


სხდომას ესწრებოდა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ასევე, კომისიის წევრი სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები.


კომისიამ განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების მიზნით, 2008 წელს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული საჭიროებების განხილვასთან ერთად, კომისიამ მოისმინა ინფორმაცია სოფლებში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, 2020-2021 წლებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა 21 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელს, რაც ნიშნავს, რომ დამატებით 1997 ადამიანი სარგებლობს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით და აქვს საშუალება ისარგებლოს მთაში მაცხოვრებლებისათვის დადგენილი ყველა სოციალური თუ ეკონომიკური სარგებლით. მათ შორისაა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ოძისი და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ფრეზეთი, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიანიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. 

სოფელ ოძისში მცხოვრები 500-ზე მეტი და სოფელ ფრეზეთში მცხოვრები 700-ზე მეტი მოსახლე მთის კანონით დადგენილი შეღავათებით 2022 წლიდან ისარგებლებს.


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია 2013 წლის 4 ოქტომბერს შეიქმნა. გამყოფი ხაზის მიმდებარეს სტატუსი მინიჭებული აქვს აქვს 116 სოფელს, საიდანაც 80 მაღალმთიანი დასახლებაა, ხოლო სულ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის რაოდენობა (2014 წლის საყოველთაო აღწერით) შადგენს 46 352 ადამიანს.



კომენტარები:

ფართი შოპი