ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებელობა, სწავლა გააგრძელოს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ვიდრე საქართველოში იქნება შესაბამისი სტანდარტების განათლების დონეზე

31 Jul 2021 14:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლისთვის 6 წელში 1150 სტუდენტი დაფინანსდა და ჯამურად 43 მლნ ლარამდეა დახარჯული.


როგორც ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე აღნიშნა, მთავრობამ მათი ცოდნის რეალიზებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.


„ყველაზე დიდი ფასეულობა ჩვენთვის განათლება და ზოგადად, ჩვენი ახალგაზრდობაა. ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებელობა, სწავლა გააგრძელოს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში მანამ, სანამ საქართველოში იქნება შესაბამისი სტანდარტების განათლების დონეზე. მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სწავლის გაგრძელება უცხოეთში, გამოცდილი მაქვს ჩემს თავზე, 20 წლის წინ, როდესაც საფრანგეთში ვსწავლობდი. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი ფოკუსირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს დამატებითი ფინანსების მოძიებაზე. მე აქედან მივიღე მოტივაცია და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ეს პროექტი განვახორციელეთ. 6 წელიწადში 1150 საუკეთესო სტუდენტი იქნა შერჩეული და გაგზავნილი უცხოეთში, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ.


რაც შეეხება ამ პროექტის მთავარ შინაარს - ჩვენ ყველა ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, ღებულობს განათლებას, მაგრამ ყველა უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, ვინაიდან ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა, ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ისინი ახლა წარმატებით აგრძელებენ საკუთარ საქმიანობას უხოეთში, ეს არის დანაკლისი და ტრაგედია ჩვენთვის, რადგან არ ხდება მათი შესაძებლობების გამოყენაბა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად.


მეორე მხრივ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენი ცოდნის რეალიზებაში. გპირდებით, განსაკუთრებით ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იქნას აღიარებული.


ამ წლების განმავლობაში 43 მლნ-მდეა დახარჯული. ეს არ არის საკმარისი. შეგვიძლია ეს გავაორმაგოთ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. 1150 ახალგაზრდა უნდა გახდეს 10 ათასი. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, მანამ სანამ მიხეილ ჩხენკელი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე იქნას მიღწეული, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი