ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ერთი კვირა შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კრიტიკული იქნება.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, შეზღუდვებზე საუბარი იქნება ეპიდვითარების გარკვეული კრიტიკული მაჩვენებლის დადგომის შემთხვევაში.
„ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა. უნდა დავაკვირდეთ, როგორი ტემპით განვითარდება მოვლენები. 8 ათასამდე სწოლი არის ის რაოდნეობა, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოყოს. ჩვენი გამოცდილებით, ერთდროულად 34-35 ათასი აქტიური შემთხვევა იმართა ნოემბერ-დეკემბრეში. შემდეგ არსებობს გარკვეული რეზერვი, თუმცა გართულდება მართვის პროცესი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო ერთი კვირა იქნება კრიტიკული“,- განაცხადა გაბუნიამ.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის კლინიკურ სექტორს კიდევ 1 000 მძიმე პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა მისივე თქმით, „დადგება რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც კლინიკური სექტორი დიდი დანაკარგების გარეშე მართვას ვეღარ უზრუნველყოფს“.
„დღეს ჩვენ 5400 ჰოსპიტალიზებული პაციენტი გვყავს. ძალიან დიდი რაოდენობაა, მაგრამ სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 1000 მძიმე პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა დადგება რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც კლინიკური სექტორი დიდი დანაკარგების გარეშე მართვას ვეღარ უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე.
მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კლინიკური სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენენ პატარა სასწაულს და ამ ძალიან გართულებულ ეპიდსიტუაციაში პაციენტების მართვას მოახერხებენ და სიკვდილიანობის შენარჩუნებას იმ დაბალ მაჩვენებელზე, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ მასობრივი ვაქცინაცია არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.