საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრები, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, სამშობლოში დაბრუნდნენ

02 Aug 2021 18:45

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ნაწილი - ძიუდოს, კრივისა და ტყვიის სროლის ნაკრებები სამშობლოში დაბრუნდნენ.


ტოკიოდან დაბრუნებულ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ. ქართველ ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობა სპეციალური მუსიკალური ნომრით მიულოცა ანსამბლმა „ბასიანმა“.


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) გახდა, რომელიც კარიერაში პირველად დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს. 

„ნიპონ ბუდოკანის“ დარბაზში ბექაურმა 5 ბრძოლა მოიგო. ნახევარფინალსა და ფინალში მომავალმა ჩემპიონმა შესაბამისად რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) დაეუფლნენ. ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 3 მედალი მოიპოვა და დამოუკიდებელ საქართველოში პირველი სპორტსმენი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას 3 ოლიმპიური მედალი მოუპოვა.


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადების ისტორიაში პირველად დაეუფლა 4 მედალს. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ მასპინძელ იაპონიას ჩამორჩა, საერთო ჩათვლაში კი 128 გუნდს შორის მე-4 ადგილზე გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ 9 ძიუდოისტიდან 7-მა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში იბრძოლა. ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც საუკეთესო ექვსეულში შესვლა მოახერხა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა დიქტორმა იმუშავა. ძიუდოს შეჯიბრს საერთაშორისო ფედერაციის თანამშრომელი გიორგი ჭანიშვილი უძღვებოდა. ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე იმსაჯა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოს მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ.


ოლიმპიურ თამაშებზე 3 სპორტსმენით წარდგა კრივის ნაკრები. საქართველოს სახელით 2-ზე მეტი მოკრივე მხოლოდ 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის რინგზე გავიდა. ტოკიოში ყველაზე ახლოს მედალთან ესკერხან მადიევი (63-69 კგ) იყო. მადიევმა მეოთხედფინალური ორთაბრძოლა დათმო და მედლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა.


მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა ნინო სალუქვაძემ. სალუქვაძე გახდა ოლიმპიადების ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მონაწილეობა 9 ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ სალუქვაძემ მომდევნო ოლიმპიადაზე იასპარეზა, ის გაიმეორებს იან მილარის რეკორდს. კანადელი ცხენოსანი ერთადერთი 10-გზის ოლიმპიელია.


საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ამ დროისთვის, ჩვენი გუნდის ანგარიშზე 6 მედალია (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო). ძიუდოისტების შემდეგ, ბრინჯაოს მედალს ძალოსანი ანტონ პლესნოი (96 კგ) დაეუფლა, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა.





კომენტარები:

ფართი შოპი