წელს ვაშლის მოსავალის შემცირებას პროგნოზირებენ - რა იწვევს პერიოდულ ნაყოფიერებას და როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება

03 Aug 2021 10:43

ვაშლის კრეფის მთავარი სეზონი აგვისტოს მეორე ნახევარში იწყება, თუმცა ზაფხულის ჯიშების მცირე მოსავალი ბაზარზე უკვე გამოჩნდა. როგორც პორტალი EastFruit წერს, ქართველი ფერმერები ვარაუდობენ, რომ წლევანდელი ვაშლის მოსავალი შარშანდელზე ნაკლები იქნება.


„ვაშლის წარმოების ბოლო ოთხი წლის მონაცემები აჩვენებს, რომ მოსავლიანობა მაღალია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რაც უბრალო დამთხვევა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამინდს დიდი მნიშვნელობა აქვს, ნაყოფიერების მონაცვლეობაც, ასევე, მცირე მოსავლიანობის გამომწვევი ფაქტორია. დღეისთვის მსოფლიოში ნაყოფიერების სიხშირე ნაკლები პრობლემაა ინტენსიურ ბაღებში, სადაც დიდ მოსავალს ადვილად მართავენ. სამწუხაროდ, საქართველოში ინტენსიურის ნაცვლად, ძველი, ვრცელი ვაშლის ბაღები ჯერ კიდევ ჭარბობს“, - წერს EastFruit.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხილის კულტურების განყოფილების მონაცემებით, წლევანდელი ვაშლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 20-30%-ით ნაკლები იქნება, რადგან ნაყოფიერების სიხშირე, ქვეყანაში არსებული ვაშლის ყველა ჯიშისთვის ბიოლოგიურად დამახასიათებელი არ არის.


2014 წელს ჩატარებული აღწერის საფუძველზე, შიდა ქართლში, რომელიც ვაშლის მოსავლის ძირითადი რეგიონია, ვაშლის ბაღები, დაახლოებით 9,500-10,000 ჰექტარ ფართობზე იყო გაშენებული. 2015 წლიდან ქვეყანაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 1300 ჰექტარზე მეტი ახალი ინტენსიური ვაშლის ბაღი გაშენდა. ასეთი ბაღები ნაყოფიერების სიხშირითა და მისი მარტივი მართვით გამოირჩევა.


მეთოდი ასეთია: გარკვეულ ეტაპზე ხიდან ხელით ზედმეტ ნაყოფს გამოხშირავენ „მოსავლის გასქელების,“ ანუ დიდი ზომის და ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით, რადგან თუ ფერმერი მხოლოდ რაოდენობაზე გააკეთებს აქცენტს და მცენარეს საშუალებას მისცემს, ერთ წელიწადში ბევრი ნაყოფი გამოიღოს, მომდევნო წელს მოსავალი შეუმცირდება, რადგან მცენარე „დაიღლება" და შედეგად პერიოდული ნაყოფიერება დგება.


კველვითი ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ე.წ. მოსავლის გასქელების რეკომენდირებული პერიოდი მაისის ბოლო და ივნისის პირველი ნახევარია, რაც დამოკიდებულია რეგიონზე. გამოხშირვის შემდეგ ხეებს აქვთ საკმარისი ბიოლოგიური რესურსი მომავალი წლის კვირტების წარმოსაქმნელად.


„ძველ ბაღებში ამის გაკეთება, თითქმის, შეუძლებელია, რადგან იქ ხეები მაღალია და გამოხშირვის პროცესი რთულია, ინტენსიურ ბაღებში კი იქმნება ერთგვარი „ხილის კედელი“ და მასზე მუშაობა ბევრად ადვილია”, - განუცხადეს EastFruit-ს ხილის კულტურების კვლევით ცენტრში.


შიდა ქართლის რეგიონში ვაშლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი Tiriphoni Gardens წელს 31 ჰექტარი ბაღიდან 1,300 ტონაზე მეტ ვაშლის მოსავალს ელოდება. კომპანიამ ბაღები 2014 წლიდან, ეტაპობრივად გააშენა და სწორედ იმის გამო, რომ ვაშლის ბაღები სხვადასხვა წლებში გაშენდა, მოსავალი ყოველწლიურად იზრდება.


კომპანია ფლობს ინტენსიურ ბაღებს, სადაც პერიოდული ნაყოფიერების აღმოსაფხვრელად, ე.წ გამოხშირვა-გასქელების მეთოდს მიმართავენ. EastFruit-ის ინფორმაციით, წელს, კომპანიამ ნაყოფის გასქელებასთან ერთად, ზრდის რეგულატორებიც გამოიყენა.


Tiriphoni Gardens-ში ვარაუდობენ, რომ წელს ვაშლზე ფასები, შარშანდელთან შედარებით, მაღალი იქნება. შარშან 1 კგ. დაკრეფილი ვაშლის მინიმალური ფასი 1.2 ლარი (0.39 დოლარი) იყო, წლევანდელ სეზონზე კი 1 კგ. ვაშლის საბითუმო ფასი, სავარაუდოდ, 1.5 ლარი ( 0.49 დოლარი) იქნება.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი