უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც თურქეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, თუმცა ამ დრომდე ცეცხლის კერების განეიტრალება ვერ ხერხდება. ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა ქვეყნის ცნობილი საკურორტო ქალაქებიდან, მათ შორისაა, ანტალია, მუღლა, მერსინი, ადანა და ოსმანიე. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.
მედიაში ხანძრის ამსახველი შოკისმომგვრელი ფოტოები და ვიდეოკადრები ვრცელდება. საზოგადოება ამ კადრებს ჰოლივუდურ ფილმებს ადარებს.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში აზერბაიჯანული, ირანული, რუსული და უკრაინული ვერტმფრენები არიან ჩართულნი.
პარალელურად პოპულარული თურქი მსახიობები სოციალური ქსელების საშუალებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულია თურქი ვარსკვლავი, მსახიობი იბრაჰიმ ჩელიქოლი, რომელსაც თურქული სერიალების მოყვარული ადამიანები კარგად იცნობენ.
იბრაჰიმს, რომელიც წარსულში კალათბურთელი იყო და სპორტით მუდმივადაა დაკავებული, ფიზიკური მომზადება შესაძლებლობას აძლევს, რომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთოს და ნაყოფიერად ჩაერთოს. ის მარმარისში ცდილობს სტიქიას ებრძოლოს.
ამბები.ge