დავით ზალკალიანი ბაიდენის განცხადებაზე - ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და იმ საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით განხორციელდა

05 Aug 2021 23:30

მომავალშიც მზად ვართ, რომ ეს ფუნქცია ავიღოთ საკუთარ თავზე და საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მთავარი მოკავშირე, რეგიონში იყოს ლიდერი სახელმწიფო და მშვიდობის ფასილიტატორი სახელმწიფო, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეულ პროგრესზე საუბრობს.


საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთავრობის სახელით გამოხატა მზაობა, საქართველომ მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის.


"ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, რა თქმა უნდა ეს არის ასევე საქართველოს რეგიონალური როლის აღიარებაც და ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, რომ ეს ფუნქცია ავიღოთ საკუთარ თავზე და საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მთავარი მოკავშირე, რეგიონში იყოს ლიდერი სახელმწიფო და მშვიდობის ფასილიტატორი სახელმწიფო, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტები.


ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მთავარობის პოზიცია, რომ თბილისი გახდეს პლატფორმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დიალოგის შემდგომი განხორციელების თვალსაზრისით იმისთვის, რომ ის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტები შემდგომში განხორციელდეს, რაშიც არის დაინტერესებული როგორც აშშ, ისე საქართველო და ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი. 


სხვა ალტერნატივა, გარდა გრძელვადიანი მშვიდობისა, რეგიონში არ არსებობს და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორის უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი, რომ ჩვენც მომავალში ამ მნიშვნელოვან ფუნქციას განვახორციელებთ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი