საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება არ გამოვა - ზურაბ აბაშიძე

06 Aug 2021 18:32

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას აფასებს.


ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მოსკოვისთვის საქართველოს პოზიცია კარგად არის ცნობილი და შესაბამისად, ურთიერთობის ნორმალიზება სწორედ დეოკუპაციაზე გადის.


„გავეცანით რუსეთის საგარეო უწყების ამ კომენტარს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავს უკავშირდება. კომენტარში კერძოდ აღნიშნულია, რომ რუსეთის მხარე მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენისათვის იმ დოზით, რომლითაც ქართული მხარე იქნება ამისათვის მზად.



თუმცა, ამავე კონტექსტში გატარებულია აზრი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეიქმნა ე.წ. ახალი რეალობა და საქართველო ამას უნდა შეეგუოს. საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება არ გამოვა. მოსკოვისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზება სწორედ დეოკუპაციაზე გადის და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების პატივისცემას.


ამგვარად, თუ რუსეთს მართლაც სურს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა ჩიხური ვითარებიდან გამოყვანა, სწორედ ამ მიმართულებით ველით მათგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცნობილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნა აბაშიძემ Pia.ge-სთან საუბარში.


რაც შეეხება შეხვედრას რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან, აბაშიძის ინფორმაციით შეხვედრა სავარაუდოდ სექტემბრის მეორე ნახევარში ან აგვისტოს დასაწყისში გაიმართება.





კომენტარები:

ფართი შოპი