„მტკიცე სული 2021“ საქართველოში უკვე მეათედ ჩატარდა, რაც საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლს უსვამს ხაზს - დავით ჩიხელიძე

06 Aug 2021 20:38

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოში გამართული ფართომასშტაბიანი სწავლების „მტკიცე სული 2021“-ის დახურვის ცერემონიალს ეხმაურება.


მისი თქმით, „მტკიცე სული 2021“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, პარტნიორი ქვეყნებისთვის საქართველოს მნიშვნელოვან და გამორჩეულ როლს:


„დღეს საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული სწავლება საქართველოში უკვე მეათედ ჩატარდა, რაც საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლს უსვამს ხაზს. მნიშვნელოვანია, რომ სწავლებაში ფართოდ იყო წარმოდგენილი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები (15 ქვეყანა). 

მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიული არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც მის მნიშვნელობაზე მეტყველებ., მრავალეროვანი სწავლების მიზანი, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის, ქვეყნებს შორის ნდობის ზრდა და ტექნიკურ/ტაქტიკური უნარების გაუმჯობესება იყო.


მნიშვნელოვანია, რომ წვრთნებმა პარტნიორი ქვეყნების მოწონება დაიმსახურა და ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, საქართველოს ოფიციალურ პირებს მადლობა გადაუხადეს. 

ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, აღნიშნული სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო მოვლენა, მასში „დიდგორი მეომარის“ და სამედიცინო საევაკუაციო „დიდგორი მედევაკის” მონაწილეობაა. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან მსგავსი ფაქტი საქართველოს ისტორიაში არ ფიქსირდება.


როგორც მოგეხსენებათ „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანები საქართველოს თავდაცვის ძალებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს გადაეცა. სწავლების ფარგლებში უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, თავდაცვის სამინისტრო განახლებული ინფრასტრუქტურით და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ბაზებით დახვდა, რამაც სტუმართა დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია.


„მტკიცე სული 2021“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, პარტნიორი ქვეყნებისთვის საქართველოს მნიშვნელოვან და გამორჩეულ როლს. საქართველო აშშ-სთვის, ისევე როგორც ნატოსთვის რჩება უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიოს უსაფრთხოებაში, ისწრაფვის ნატოსკენ და ზედმიწევნით ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ვულოცავთ თავდაცვის მინისტრს ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს და გენერალ მათიაშვილს სწავლების, მტკიცე სული 2021-ის წარმატებით ჩატარებას“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი