გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარმა სერჟანტმა მეთიუს მარკსმა მიულოცეს. მათ სიტყვით გამოსვლისას კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატება უსურვეს.
საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის დახურვის ცერემონიალს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე ამერიკელი გენერალი კურსის საჩვენებელ სწავლებას გაეცნო, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეებმა საცეცხლე მომზადების, დაბრკოლებების გადალახვის, პირველადი დახმარებისა და სხვა სახის სავარჯიშოები შეასრულეს.
საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 51 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა, რომლებსაც სერტიფიკატები გადასცეს. პირველი დრონის ლიდერების კურსი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამეთაურო რგოლის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა. საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 21 დღის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარეობდა. სწავლება საცეცხლე მომზადებას, დაბრკოლებების ზოლის გადალახვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და ლიდერობის უნარჩვევების გამომუშავებას მოიცავდა.