ძალოსნები და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები, მათ შორის 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, სამშობლოში დაბრუნდნენ

07 Aug 2021 17:13

საქართველოს ძალოსანთა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ტოკიოდან სამშობლოში 3 ოლიმპიური მედლით დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.


ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია ლაშა ტალახაძემ. ლეგენდარული ქართველი ძალოსანი ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ორი ოლიმპიური ოქრო მოუპოვა. გარდა ამისა, ტალახაძემ ახალი ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდები დაამყარა.ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას, რომელიც ტოკიოდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ძალოსანი ანტონ პლესნოი. ორივე სპორტსმენმა კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა.ამ დროისთვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1ბრინჯაო. მე-8 მედალი ჩვენს გუნდს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მოუპოვა. პეტრიაშვილი კარიერაში მეორე ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციამ ისტორიაში პირველად მოიპოვა 8 მედალი. ბოლოს ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედლის მოპოვება 1992 წელს, ბარსელონაში, გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში შეძლეს. ჩვენი გუნდის მედლების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. დღეს ბრინჯაოს მედლისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე იბრძოლებს. კარატისტი გოგიტა არქანია კი მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობს. სწორედ მათი გამოსვლით დასრულდება საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ტოკიოს ოლიმპიადაზე.



კომენტარები:

ფართი შოპი