განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს, გენერალ სტეფან კოვიტცს უმასპინძლა. გერმანელი გენერალი SNGP-ის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას ხელმძღვანელობს და საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.
როგორც შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, განახლებული პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს, ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურად განხორციელება კი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავდაცვის ტრანსფორმაციას, თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს.
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა განაცხადა, სამედიცინო შესაძლებლობების ინსტიტუციურ დონეზე განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ მიმართულების განვითარებისთვის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის რესურსების გამოყენების შესაძლებლობა უნიკალური საშუალებაა.
ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოში გამართული მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2021 ფარგლებში წარმოდგენილი სამედიცინო კომპონენტიც მიმოიხილეს, რაზე დაკვირვებაც ხელს უწყობს ინიციატივის განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკული თანამშრომლობის მომავალი ნაბიჯების დაგეგმვას.
შეხვედრის ბოლოს გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გერმანელ გენერალს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.