თამბაქოზე რეგულაციების ნაწილის ამოქმედება შესაძლოა, გადაიდოს

29 Jun 2017 22:14

თამბაქოზე რეგულაციების ნაწილის ამოქმედება შესაძლოა, გადაიდოს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ განუცხადა. 

კერძოდ, საუბარია კანონის იმ მუხლზე, რომელიც ბიზნესს 2018 წლის პირველი იანვრიდან ბაზარზე თამბაქოს პროდუქციის სადა შეფუთვით გამოშვებას ავალდებულებს. 

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვადამ შესაძლოა 2018 წლიდან 2022 წლამდე გადაინაცვლოს, რაც ხელისუფლებაზე თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლითაა გამოწვეული. 

ლევან კობერიძის განცხადებით, ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომლის გათვლებითაც, სადა შეფუთვის შემოღება 2018 წლიდან ქვეყნის ბიუჯეტს 40-50 მილიონით ლარით დააზარალებს. დეპუტატის თქმით, სადა შეფუთვა რეგულაციების საკმაოდ მკაცრი ფორმაა და ის ბევრ ქვეყანაში არ მოქმედებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტში მწვავე განხილვები იქნება, თუ რას ეყრდნობა აღნიშნული გათვლები. 

ამასთან, კობერიძე ამბობს, რომ პრინციპულ საკითხებში უმრავლესობა პოზიციებს არ დათმობს და მომავალი წლის მაისიდან დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ძალაში შევა. 

საზოგადოებრივი კომენტარისთვის ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ეს საკითხი მათთან არ განიხილება და შესაბამისად კომენტარსაც ვერ გააკეთებენ. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიმდინარე წლის 17 მაისს დაამტკიცა. 

კანონის თანახმად, მომავალი წლის პირველი მაისიდან ყველა დახურულ სივრცეში მოწევა იკრძალება. აკრძალვა ეხება ელექტრონულ სიგარეტსა და ჩილიმსაც. 

კანონით, სიგარის მოწევა დასაშვები ხდება მხოლოდ სიგარ-ბარებში, სიგარ-ბარის გასახსნელად კი საჭირო იქნება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება. 

შეფუთვის ნორმებს კანონის ის მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე - კოლოფზე, ბლოკზე და კონტეინერზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. 

არსებული კანონით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან, თამბაქოს პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილი უნდა იყოს რუხი ფერის შეფუთვით, რომელზეც ბრენდის დასახელების დატანება დაშვებულია მხოლოდ ქართული შრიფტით, ლოგოსა და მისი მაიდენტიფიცირებელი ფერების გარეშე.


http://1tv.ge/ge/news/view/167446.html


კომენტარები:

ფართი შოპი