"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს", - აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალ "მხარეს" შს სამინიტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება."- ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.