პოპულარული სერიალის ჩცდ-ს მე-17 სეზონს მძიმე, ტრაგიკული და ემოციური ფინალი ჰქონდა, რაც სერიალის გადამღებმა ჯგუფმა მაყურებლამდე დიდი ოსტატობით მოიტანა.
ერთ-ერთი პოლიტიკოსის ოჯახში, არნახული ადამიანური ტრაგედია დატრიალდა, რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მისი კონკურენტის ძალისხმევით განხორციელდა. ამ ფაქტმა მაყურებელი ააღელვა და ბევრ რამეზე დააფიქრა.
მთელი დღეა, სოციალურ ქსელში კომენტარები არ წყდება:
"კარიერას ოჯახი გადააყოლა""ელვირი, რომელიც მთელი პერიოდი ნამუსგარეცხილ და ყველაფრისმკადრებელ ადამიანად გვევლინებოდა, ისიც კი შეაწუხა ბოლოს სინდისმა და თავის მართლება დაიწყო. ბაქარზე ამაზრზენი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე.
ცხადია, პერსონაჟს ვგულისხმობ. განსაკუთრებული აღტაცება ალექსანდრეს როლის შემსრულებელმა, ირაკლი გოგოლაძემ გამოიწვია. იყო უმაგრესი, საოცარი შესრულება, ყველა ძვალი რომ გეტკინება ისეთი. ფეხბურთშიც შეგვიძლია, რამე გვეშველოს, თუ ენთუზიაზმით სავსე ხალხი შეიკრიბება, ყველაზე უგულო ადამიანიც კი, შეიძლება აატიროს სიყვარულმა. დედები ყველაზე ცოდვები არიან, შვილების ჩადენილ დანაშაულზე რომ უწევთ პასუხების გაცემა. არის რაღაც, რაც არ შეიძლება საყვარელ ადამიანს აპატიო და ამ რაღაცას თავმოყვარეობა ჰქვია".
"ბევრი ბაქარი დადის დღეს საქართველოში..." "სერია მძიმე და დამაფიქრებელი იყო... ალბათ შემდეგ სეზონზე ბაქარი დაიპყრობს ქვეყანას და წურბელასავით დააჯდება ხალხს თავზე"
"უძლიერესი სამსახიობო შესრულება იყო მთელი ჩცდ-ს გუნდიდან. სასწაულად ვიგრძენი ყველა ემოცია. ალექსანდრეს, თათას შეცოდება, ნინას და დათოს სიხარული, ტასოს შეფარული შური და ბაქარის მიმართ უდიდესი ზიზღი. მადლობა მსახიობებს""აუ, რა საშინელი პერსონაჟია ბაქარი, აუტანელი, ბოროტი, ეშმაკი"
"ეს ბიჭიც ძალიან კარგი მსახიობია, ისე კარგად მოახერხა და თავი შეგვაძულა... ერთი საყვარელი, სიყვარულისთვის მებრძოლი ბუნჩულა ბიჭიდან ამაზრზენ მდიდარ პოლიტიკოსად იქცა და ეს ისე ოსტატურად შეძლო, აღმაფრთოვანებელია.
სწორედ ისაა ამ სერიალის ღირსება, რომ ყველა მოვლენას ეხმაურება, ყველა პრობლემა დაგვანახა თავისებურად და მაყურებლის თვალით შორიდან შეგვახედა, როგორ საზოგადოებაში, რა რეალობაში ვცხოვრობთ. აბსოლუტურად ადამიანთა ყველა ფენაა გაშუქებული, ვინ რითი სულდგმულობს".
ალექსანდრეს როლის შემსრულებელმა გამანადგურა, ყველა ემოცია იმდენად რეალურად გადმოსცა, რომ ეკრანს მიღმაც ვიგრძენი... უმძიმესი კადრები იყო. პირად ამბიციებს გადაყოლილი ადამიანობა და მოყვასის სიყვარული... ამ სერიაში სამწუხარო რეალობა ვიხილეთ!"
"ბაქარა: პირველი მკვლელობა პოლიტიკისკენ მიმავალ გზაზე. ეგ ბიჭი რომ გამოჩნდა, ეგრევე მივხვდი, თავს რომ მოიკლავდა"
"ამ ბიჭის სიკვდილს მხოლოდ მშობლებს ვერ დავაბრალებ, სანამ ღალატი გასაჯაროვდებოდა, ის უკვე აგრესიული, ჩაკეტილი და უკონტაქტო იყო, საკუთარი თავის კომპლექსებით. ის რომ გეი იყო, შეეძლო დედისთვის გაემხილა და აუცილებლად გაუგებდა. ფუფუნებაში გაზრდილი გათამამებული ბიჭი, რომელსაც ბევრი შესაძლებლობები ქონდა, ამერიკაში შეეძლო კარიერის აწყობა და უზრუნველი ცხოვრება. საერთოდ "დაეკიდა” მამის პოლიტიკოსობა ან რა იყო ამაში ტრაგიკული. მშობლების ღალატის გამოც თავს არავინ იკლავს. გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს, მთავარი მონდომებაა. თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის
AMBEBI.GE ჩცდ-ს პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს ესაუბრა:
"ვფიქრობ, ტრადიცია გაგრძელდა და ჩცდ-მ კიდევ ერთხელ ძალიან ღრმად და ემოციურად აჩვენა მაყურებელს თუ სად ვცხოვრობთ, რა ვითარებაში უწევს ქვეყანას, მოსახლეობას დღესდღეობით ცხოვრება. ვფიქრობ, შთამბეჭდაობაც ზუსტად იმაზე იყო მიბმული, რამდენად მძაფრია ის ემოციები, რასაც რეალურ ცხივრებაში განვიცდით და ვაწყდებით. აქედან გამომდინარე, რეაქცია, რაც მივიღეთ, არის დრამატული და შეაბამისად, დრამატული იყო სეზონის დასასრულიც.
მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ეთერში ძალიან მალე, 18 სექტემბერს დავბრუნდებით. იმედია, მაყურებლისგანც შესაბამისად ისეთივე სიყვარული, ყურადღება არ მოგვაკლდება, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრადიციულად გავაგრძელოთ მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნა".
AMBEBI.GE ეცადა, საფინალო სერიაში მონაწილე მსახიობებს დაკავშირებოდა, თუმცა გასაუბრებაზე მხოლოდ ნიკა ქავთარაძე დაგვთანხმდა.
ნიკა ქავთარაძე, ელვირის როლის შემსრულებელი:- თვე-ნახევარი მაინც არის გასული მას მერე, რაც ბოლო რამდენიმე სერიის სცენარი დაიწერა და წაკითხულიც მქონდა. წაკითხვისთანავე შოკში ვიყავი. ბოლო სცენა ჩემი პერსონაჟისთვის, ელვირისთვისაც, ამ ნაძირალისთვის მოულოდნელი იყო. არ ჰქონდა გათვლილი ადამიანური ტრაგედიის ასეთი მასშტაბი. შემზარავი აღმოჩნდა ის ყველაფერი ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს მორალი, ამორალური ტიპია. ეს ფაქტი კი მას რაღაცნაირად ადამიანურ ჩარჩოებში ტოვებს.
ასეთ უმძიმეს მომენტში ძალიან დაბნეულია, არაადეკვატურია, რაღაცნაირად განიცდის, ნერვიულობს, ეს არ მინდოდა, არ გვქონდა გეგმაშიო.
თავისთავად ბაქარის მიზნები, მისი ამორალურობა სულ ბოლო ნაწილში ჩანს. ზოგადად კი ქეთი დევდარიანის, სცენარისტის გენიალურობა იმაშია, რომ დრამატურგიის აღქმის უნიკალური უნარი აქვს. როცა ამბობენ, რომ ამ სერიალსა და რეალობას შორის რაღაც პარალელები არსებობს, ეს პოსტფაქტუმ არასდროს არის. ყველაფერი ყოველთვის უფრო ადრეა დაწერილი.
ის, რომ ტრაგედიის მთავარი წყარო და მიზეზი უტიფრად უსამძიმრებს განადგურებულ ადამიანს, ასეთი რამ ჩვენ რეალურ ცხოვრებაში ერთი თვის წინ ვნახეთ, თუმცა იმის თქმა მინდა და ვიმეორებ, რომ რაც ბოლო სერიალი ვიხილეთ, ბევრად ადრე იყო დაწერილი. ხოლო პირდაპირი ასოციაციები ვის რაზე უჩნდება, ეს სხვა საკითხია. თუმცა მომენტებში ადამიანური ხასიათების გამოვლენა, რა შეიძლება მოხდეს, ქეთიმ ყოველთვის იცის.
ამიტომ არის ასეთი მაგარი და თანამედროვე დრამატურგებში, მწერლებში! ყველა სერიის წაკითხვა ჩემთვის დიდი ემოციაა.
- სერიალის ბოლო სერია ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო...
- კი, ასეა - მთავარი გმირები, მათი ოჯახის ისტორები და ახალი სეზონი აშკარად სხვა მოცემულობით დაიწყება. პოლიტიკური სიტუაციაც ისე დასრულდა, ეგეც სხვა სტარტს აიღებს...
- ელვირის შესახებ რა პროგნოზი გაქვს?
- მართლა არ ვიცი, როგორი პერსონაჟი შეიძლება გახდეს. არა მგონია, საბოლოოდ კეთილ კაცად მოგვევლინოს. ვნახოთ, დაველოდოთ მე-18 სეზონს. თუმცა ფაქტია, რომ მას დიდი ინფორმაცია აქვს, მათ შორის, ბაქარის შესახებ. ბოლო რამდენიმე სერიაში მის მიმართ რაღაცებს გამოხატავდა კიდეც, ნეტავ, დრო მომცა შენი განადგურებისთვისო... მოკლედ, არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ბევრი ახალი ამბისთვის ნიადაგი ამ ფინალის გამო კარგად არის შემზადებული. ვინც ამ სერიალს ერთგულად უყურებს, ამის ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებსაც სერიალში თავისი ფავორიტები ჰყავთ.
- სოციალურ ქსელში არაერთხელ წამიკითხავს ასეთი კომენტარი - "ტიპები „სანტა ბარბარას“ იღებენ და ხალხი მაინც უყურებსო"... ზოგს ასეთი შეფასება აქვს...- არ არის პრობლემა, "სანტა ბარბარასთვის" ჩცდ-ს შედარება არ არის მინუსი. საქმე იმაშია, რომ ამ სერიალში თუ დააკვირდებით, ყველა სეზონში რაღაც მთავარი ახალი ხაზი ჩნდება, რომელიც ზოგჯერ ვითადება, ზოგჯერ - სიახლე ემატება. ეს არის მუდმივად სიცოცხლის უნარიანი პროექტი და არა სერიალის ავტორების, შემქმნელების დაჟინება...
უბრალოდ, ესა თუ ის ამბავი სხვადასხვა მიმართულებით მიდის და ამიტომაც ცოცხლობს ამდენი წელი. ამიტომ, მას „სანტა ბარბარას“ შეადარებენ და თუ რაიმე სხვას, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
„სანტა ბარბარაც“ თავისთავად საკულტო სერიალია. ადამიანები უყურებდნენ მას და უყურებდნენ საქართველოშიც. არის სერიალები, რომლებიც გასვენებს, მშვიდ, იდეალურ სამყაროში გაცხოვრებს და იქაური მინიმალისტური პრობლემების ყურება, რომლებიც შენ პრობლემებთან ისეთი მცირეა, რომ სწორედ ეს გსიამოვნებს, რაც მისი წარმატების საფუძველია.
"ჩემი ცოლის დაქალები" სხვა ტიპისაა. ყოველთვის მიკვირს, როცა მისი მისამართით რაიმე პრეტენზიას ვისმენ, რადგან ეს არ არის საზოგადოების მიერ შეკრებილი ფულით წარმოებული პროდუქცია, რომ ყველა ჯგუფის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ამას ადამიანები ქმნიან, წყვეტენ ტრენდების მიხედვით. ამიტომაცაა ხან მეგრელები აქტიურდებიან, ხან ვაკელები, ქართლელები, ხან უნამუსო ხალხი და მოღალატეები...
ბოლო სერიაში მნიშვნელოვანი ის იყო, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ოჯახებმა თუ როგორ აღიქვეს ეს მძიმე ფაქტი. თუნდაც რა რეაქცია ჰქონდა დათოსა და ნინას ოჯახს, რომლებიც თავადაც მნიშვნელოვანი საკითხის მოლოდინში იყვნენ. არადა, ოჯახი ახლობელის, ძიძის შვილის ვიდეო გამოქვეყნდა...
- ელვირის პერსონაჟი ისე მოირგე, მგონი, ამ სუპერნაძირლის როლი ასე კარგად ბევრ მსახიობსაც არ გამოუვიდოდა. შენი პერსონაჟი ძალიან დამაჯერებელია.
- დიდი მადლობა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს გამოწვევა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს გამოიწვია ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ეს მთლიანი გუნდის დამსახურებაა - ქეთის, ირაკლი საღნაძის, რეჟისორების და მთელი ჯგუფის. იმ წამიდან რაც ეს შემოთავაზება მივიღე, ჩემი საფიქრალის მინიმუმ ნახევარი ამ როლმა დაიკავა. მადლობა ყველას და გამორჩეულად მაყურებელს!