"ქართული ოცნების" დეპუტატი, გელა სამხარაული, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე სიტუაციას განცხადებით ეხმიანება:
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საჯაროდ გამოთქმულმა სიტყვიერმა თუ სხვა სახის შეურაცყოფელმა ქმედებებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც ითვალისწინებს, დესტაბილიზაციის შექმნას და დაძაბულობის კერების გაღვივებას. პირადი შეურაცხყოფებით გამოწვეული დაპირისპირებით ვითარების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობს.
გთხოვთ, "ქართული ოცნების" წევრებს და მხარდამჭერებს გვეყოს მოთმინება და კეთილგონიერება არ ავყვეთ პროვოკაციებს.
სახელმწიფოს შესწევს ძალა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, ამიტომ იმედს ვიტოვებ მსგავს გამოვლინებებს შესაბამისი სტრუქტურებიდან მოჰყვება რეაგირება, დაცული იქნება საკონსტიტუციო სივრცე სამართლიანობის ყველა ნორმის გათვალისწინებით", - აცხადებს სამხარაული.