როდის და ვინ გამოიგონა პირველი აცრა? რა დაავადებები დაამარცხა კაცობრიობამ ვაქცინის მეშვებით?

11 Aug 2021 11:57

კაცობრიობამ ვაქცინის წყალობით, ფაქტობრივად, უკვე დაამარცხა პოლიომიელიტი , შემცირდა კიბოს გარკვეული სახეობების განვითარების ალბათობა და ამ ყველაფრის ფონზე, მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.


როდიდან იწყება აცრის ისტორია?

კაცობრიობა ყვავილს, სულ ცოტა, სამი ათასი წელია იცნობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ,მხოლოდ მე -20 საუკუნეში ამ დაავადებამ 300 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ითვლება, რომ ყვავილთან გამკლავების პირველი მცდელობა იყო ჩინეთში, ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, ვაქცინის ოფიციალურ გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე. 


სწორედ ამ ცდების ფარგლებში, იმდროინდელი სპეციალისტები შეგნებულად ცდილობდნენ ვირუსის მცირე დოზით ადამიანების ინფიცირებას, რათა პაციენტი დაავადებას უფრო ადვილად გამკლავებოდა. ამისათვის ისინი ყვავილის გამონაყარის ბუშტუკიდან ჩირქს იღებდნენ და ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში შეჰყავდათ. ზოგიერთ ქვეყანაში ამას ცხვირის ღრუს მეშვეობით აკეთებდნენ, სხვაგან კი - ნემსის დახმარებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანი სხვადასხვა ადგილას იჭრებოდა, შემდეგ კი ჩირქში ამოვლებულ ძაფს კანქვეშ ატარებდნენ. ამ მეთოდს ვარიოლაცია ერქვა და ის მე-18 საუკუნის ევროპაში ძალიან პოპულარული გახდა. ვარიოლაციის გამოყენების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. თუმცა ყვავილით ადამიანები ბევრად ხშირად იღუპებოდნენ, ამიტომაც ეს მეთოდი აქტუალობას მაინც არ კარგავდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საფრანგეთში ვარიოლაცია აკრძალული იყო. ამ მეთოდს აქ შიშით უყურებდნენ, იმის მიუხედავად, რომ 1774 წელს მეფე ლუდოვიკო XV ყვავილით გარდაიცვალა.  ყვავილის თანამედროვე ვაქცინაციის ისტორიის ათვლა იწყება1796 წლიდან, როდესაც ინგლისელმა ექიმმა ედვარდ ჯენერმა თავისი ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა. 


მან შეამჩნია, რომ ფერმერებს, რომელთაც ყვავილი ძროხებისგან გადაედოთ, შემდგომში ეს დაავადება აღარ ემართებოდათ. აღმოჩნდა, რომ ძროხებისთვის დამახასიათებელია ყვავილის შედარებით მსუბუქი ფორმა. ჯენერმა დაასკვნა, რომ ფერმერებს, რომლებმაც ყვავილის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ და ამიტომ ის მათთვის საშიში აღარ იყო.1796 წლის 14 მაისს, ჯენერმა ყვავილით ინფიცირებული ფერმერის ბუშტუკიდან ამოიღო ჩირქი, რომელიც რვა წლის ბიჭის, ჯეიმს ფიპსის მკლავზე არსებულ ნაკაწრს შეაზილა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მან სცადა, ყმაწვილი ყვავილით დაეინფიცირებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ასე რომ, ჯენერმა საშიში ექსპერიმენტის წყალობით, მოახერხა შეექმნა მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც დადასტურდა. 


ცოფი, ტუბერკულოზი და დასუსტებული ბაქტერიები

ყვავილის დამარცხებაში კაცობრიობას ძროხის ყვავილი დაეხმარა, მაგრამ რა ხდება სხვა ინფექციებთან მიმართებით? ფრანგი ქიმიკოსი და მიკრობიოლოგი ლუი პასტერი იყო პირველი, ვინც ივარაუდა და დაამტკიცა კიდეც, რომ ვაქცინის გამოგონება მრავალი სხვა დაავადების წინააღმდეგაც არის შესაძლებელი. 1877 წელს მან შეისწავლა ქათმის ქოლერა და დაასკვნა, რომ ის შეიძლება შესუსტდეს (ან მისი გადამდებობა შემცირდეს) ჟანგბადის გამოყენებით. ჯილეხის (ციმბირული წყლული) კვლევისას პასტერმა გაარკვია, რომ ჟანგბადი მასზე არ მოქმედებს, მაგრამ მუშაობს სითბო. 


ამ ექსპერიმენტებმა მეცნიერს საშუალება მისცა 1881 და1885 წლებში ჯილეხისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები შეექმნა. ის თავის პრეპარატებს ცხოველებზე ცდიდა, რადგან ექიმი არ იყო. თუმცა 1885 წლის 6 ივლისს, პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიყენა ცხრა წლის ბიჭის სამკურნალოდ, რომელსაც ცოფიანმა ძაღლმა უკბინა. ბავშვს 11 დღის განმავლობაში გაუკეთეს 14 აცრა, რამაც ის გადაარჩინა. ამ წარმატებამ განაპირობა პასტერის ცენტრების გახსნა ჯერ პარიზში, შემდეგ კი - მთელ მსოფლიოში. 


ლუი პასტერმა ჯერ თეორიულად, შემდეგ კი პრაქტიკულად აჩვენა, რომ ვაქცინაციისთვის დასუსტებული მიკროორგანიზმების გამოყენება შესაძლებელი და ეფექტიანია. მე -20 საუკუნის დასაწყისში, ფრანგმა ექიმმა ალბერტ კალმეტმა და ვეტერინარმა კამილ გერინმა შეძლეს შეემუშავებინათ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ახლა ბცჟ-ს (Bacillus Calmette–Guérin- BCG) სახელით არის ცნობილი.  მათაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაქტერიების შტამი დაასუსტეს, აკვირდებოდნენ მას და ყოველ ჯერზე ყველაზე სუსტ ვერსიებს არჩევდნენ. ბცჟ-ს ვაქცინა პირველად გამოსცადეს 1921 წლის 18 ივლისს ახალშობილზე, რომლის დედაც ტუბერკულოზით გარდაიცვალა. სხვათა შორის, ტუბერკულოზი დღესაც კი მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციად ითვლება. ვაქცინა ბაქტერიით ინფიცირებას სრულად ვერ ეწინააღმდეგება, მაგრამ მისმა გამოგონებამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამცირა და ტუბერკულოზის მძიმე ფორმებისგან ბავშვების დაცვას ხელი შეუწყო. გარდა ამისა, მეცნიერებმა ბცჟ-ს გამოყენება სხვა სამედიცინო დაავადებებისთვისაც დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ის შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ, როგორც იმუნოთერაპიის ნაწილი, საკმაოდ ეფექტიანია. 


ანტივაქსერული მოძრაობა და დაავადების აფეთქება

21-ე საუკუნისათვის მეცნიერებმა გამოიგონეს ვაქცინები, რომელთა მეშვეობითაც სიცოცხლისათვის საშიში 20-ზე მეტი დაავადების თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი. მათი უმეტესობა მსოფლიოს ქვეყნების ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარშია შეტანილი. ზოგიერთი ვაქცინა იცავს დაავადებებისგან, რომლებიც სწრაფად და მარტივად ვრცელდება (წითელა და ჩუტყვავილა) და ხელს უწყობს ეპიდემიის თავიდან აცილებას.  სხვები კი იცავს ვირუსებისგან, რომლებიც კიბოს გარკვეული სახეობის რისკს ზრდის. მაგალითად, პაპილომავირუსის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის გამოიყენება, B ჰეპატიტის ვაქცინა კი ღვიძლის კიბოს განვითარების შანსებს ამცირებს. სხვები, ცოფის ვაქცინის მსგავსად, ინფიცირების შემდეგ სიკვდილისგან იცავენ.


მხოლოდ ვაქცინის არსებობა, რა თქმა უნდა, დაავადების გავრცელებისგან ვერ დაგვიცავს. მაგალითად, სამოაში 2019 წლის ბოლოს წითელას ეპიდემია აფეთქდა. იქამდე კი, ქვეყანაში მშობლებმა თავიანთი შვილების წითელას საწინააღმდეგო აცრაზე უარი თქვეს, რადგან 2018 წლის ივლისში ორი ახალშობილი გარდაიცვალა.  აღნიშნული ფაქტები მოხდა იმ ექთნების შეცდომის გამო, რომლებიც წითელას ვაქცინას აკეთებდნენ. ამ ფონზე და ანტივაქსერული კამპანიის „წყალობით“, საზოგადოება შიშის ტალღამ მოიცვა. შედეგად კი, 2019 წელს სამოაში ჩვილ ბავშვთა მხოლოდ მესამედი აცრეს, რამაც წითელას საშუალება მისცა, მოსახლეობაში სწრაფად გავრცელებულიყო. შესაბამისად, ქვეყანაში უამრავი ადამიანი დაავადდა და იყო ბავშვების გარდაცვალების შემთხვევებიც.


პაკისტანში პოლიომიელიტის სრულად აღმოფხვრას ხელს უშლის შეთქმულების თეორიები, რომელთა მიხედვითაც, ვაქცინა იწვევს უშვილობას, სხვა ქვეყნებს კი გამიზნულად სურთ მუსულმანთა შობადობის შემცირება. მსგავს ჭორებს ავრცელებენ სასულიერო პირებიც, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა აცრაზე უარს ამბობს, სამედიცინო პერსონალს კი, რომელიც ვაქცინაციის პროცესშია ჩართული, დევნიან.  ვაქცინის შესახებ შეთქმულების თეორები ვრცელდება ყველა ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც. ზოგს სჯერა შეთქმულების თეორიის, რომ ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინებს ფინანსური დაინტერესების გამო ქმნიან. სხვები თვლიან, რომ აცრა საშიშია და ვაქცინაციას ისევ დაავადების გადატანა სჯობს. ვიღაცას არ სჯერა, რომ ვაქცინა მას ინფექციისგან ნამდვილად დაიცავს.  რასაკვირველია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ სამწუხაროდ, ანტივაქსერები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. ისინი აშინებენ მშობლებს, ხშირად გამოგონილ ისტორიებს ჰყვებიან და სხვა ადამიანებს ვაქცინის ეფექტიანობაში აეჭვებენ. 


imedinews.ge



კომენტარები:

ფართი შოპი