ნოდიკო ტატიშვილი: "მე არავის ვუწესებ ჩარჩოებს პირად ცხოვრებაში და მგონია, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება უნდა გვქონდეს"

12 Aug 2021 00:23

ნოდიკო ტატიშვილმა ახალი, ფერადი და საზაფხულო კლიპი ჩაწერა, რომელმაც გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა.  სიახლეა მომღერლის საქმიან ცხოვრებაში და არა მხოლოდ – ახალ კლიპში ნოდიკო ახალი იმიჯით ვიხილეთ.


ნოდიკო ტატიშვილი: უმოქმედობა ძალიან ცუდად მხდის. ამ პერიოდში ჩემი ორი ახალი კლიპი გამოვიდა. პირველი, „გემშვიდობები“ – თებერვალში და მეორე „გულს“ ახლახან – საზაფხულო კლიპი, რომლის ავტორის გიგა კვენეტაძეა და რომელსაც ძალიან ბევრი წლის წინ სალომე წვერაიძე მღეროდა. მათთან შეთანხმებით გადავწყვიტე რიმეიკი გამეკეთებინა. 


ამ სიმღერის ჩაწერის იდეა ჩემს მეგობარს, ნიკა ხაჩიძეს ეკუთვნის. ბორიკო შხიანმა არაჩვეულებრივი ვერსია გამიკეთა „ბრავო“ სტუდიაში, ნესტან სინჯიკაშვილმა კი, როგორც ყოველთვის, ულამაზესი, ფერადი კლიპი გადაიღო. ქორეოგრაფი ირაკლი ფიფიაა და კლიპში მისი არაჩვეულებრივი მოცეკვავეები იღებენ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება. ნერვებს თუ ავყევით, ყველა დავნერვოზდებით და ამიტომ ვიფიქრე, რაღაც ახალი აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. 


ბედნიერი ვარ, რომ ხალხს მოეწონა – დადებითმა გამოხმაურებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.


– ახალ კლიპში ახალი იმიჯით ხარ, არ გაგიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა?


– სხვა გზა არ მქონდა. მარტის თვეში თმა გადავინერგე, რადგან ცოტა შემითხელდა და ვიფიქრე, რომ სასწრაფოდ უნდა მეშველა თავისთვის. ბოლო პერიოდში თმაგადაპარსულს მომიწია ყოფნა და კლიპშიც უთმოდ ვარ. თუმცა, უკვე აღარ ვიპარსავ, თმამ ამოსვლა დაიწყო და სექტემბერ-ოქტომბერში ჩვეულ ფორმაში ჩავდგები. თუმცა, ჩემი მეგობრების უმრავლესობა და ოჯახის წევრები, მეუბნებიან, რომ გადაპარსული დავიტოვო – ძალიან მოეწონათ. მეც ცოტა შევეჩვიე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვეგუები. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა გზა არ იყო და შევეჩვიე.


– ალბათ, მცირე დისკომფორტებიც ახლდა ამ პროცესს.


– თმის გადანერგვის პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. დილით ადრე დავიწყეთ და გვიან ღამე მოვრჩით, რადგან საკმაოდ დიდი ოდენობის თმა გადამინერგეს. ვერ ვიტყვი, რომ მტკივნეული პროცესია, თან, მეორე დილით რომ იღვიძებ და ხედავ, რა მაგარი რაღაც გაუკეთე საკუთარ თავს, ხვდები, რომ ლოდინი ამ შეგრძნებად ღირს. რამდენიმე წელია, თმა შეთხელებული მაქვს, ძალიან არ მეტყობოდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ეს პროცესი დაწყებული იყო და აღარ დავაყოვნე.


– კიდევ ერთი ახალი ამბავი გაქვს – სამსახური. უკვე რამდენიმე თვეა ახალი გამოწვევა დავუსახე საკუთარ თავს, არა?


– დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ ბინა შევიძინე ლისზე სამშენებლო კომპანია „მეგობრობისგან“. რამდენიმე თვის წინ, მათგან მივიღე შემოთავაზება – მათ კომპანიაში პიარის მიმართულებისთვის მეხელმძღვანელა. 


ეს საქმე ჩემთვის უცხო არ იყო, განათლებაც ხელს მიწყობს. მეორე პროფესიით სახელმწიფო მართვის მოხელე ვარ, რომლის ფარგლებშიც პიარისა და მარკეტინგის კურსიც გავიარე. 


ამას ემატება ჩემი ძირითადი პროფესია, რომელშიც შემსრულებელიც მე ვარ და საკუთარი თავის პროდიუსერიც (იცინის). ამ კომპანიასთან წელიწადნახევრიანმა ურთიერთობამ დამანახვა, რომ ძალიან წესიერ ხალხთან მქონდა საქმე, რომლებიც არასდროს იტყუებოდნენ და მივხვდი, რომ მათთან თანამშრომლობა ჩემთვისაც საინტერესო და სასიამოვნო იქნებოდა, ამიტომაც დავთანხმდი და დაახლოებით, ოთხი თვეა, აქ ვმუშაობ. მიხარია, რომ კომპანიას ჩემი ხელი უკვე დავატყვე. გულით ვცდილობ, მთელი ჩემი რესურსი – ცოდნის, გამოცდილების თუ სანაცნობო წრის თვალსაზრისით, მაქსიმალურად მივმართო ამ კომპანიის პირველობისკენ.


– ეს არ არის დროებითი სამსახური, რომელიც პანდემიის დროს შეითავსე?


– მე ვფიქრობ, რომ მარტივი არ იქნება კომპანიაში პიარის მართვა შემოქმედებით აქტიურობასთან ერთად, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი თანამშრომლობა. 


უფრო ზუსტად დრო გვიჩვენებს, თუმცა, კომპანიის მხრიდან მე ყველანაირი პირობა მაქვს შექმნილი, რომ ჩემს მუსიკალურ კარიერას არ მოვწყდე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას უნდა მოვაკლო ყურადღება. ამ ეტაპზე იდეალურად ვაბალანსებ და მგონია, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს არც მერე შეუშლის ხელს, როცა, როგორც მუსიკოსი, მთელი დატვირთვით ავმუშავდები. შრომა არასდროს მეზარება. 


ისეთი გიჟური გრაფიკით მიცხოვრია, სახლში ოთხ საათზე მივსულვარ და ათზე გავსულვარ, ხშირად ჭამას რომ ვერ ვასწრებდი, საერთოდ მავიწყდებოდა კვების აუცილებლობა, თავიდან ბოლომდე საქმეში ვიყავი გადაშვებული. საქმეს ასპროცენტიანი პასუხისმგებლობით ვუდგები და მგონია, რომ ორივეს ერთად შევძლებ.


– სიახლეებისთვის საკმაოდ ღია ხარ.


– მშიშარა არ ვარ, ახალ გამოწვევებს არ გავურბივარ. ასე მოხდა ამჯერადაც. რისკიანი ვარ, მაგრამ საკუთარი თავის იმედი თუ არ მაქვს, ისე საქმეს ხელს არ მოვკიდებ. ერთი წამითაც თუ შემეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, გამორიცხულია, საქმე დავიწყო. წინასწარ ბევრს ვფიქრობ და თუ მივხვდები, რომ გაკეთება შემიძლია, ამ შემთხვევაში არც რისკს ვუშინდები.


– ზაფხულია და დასვენების სეზონი – რა გეგმები გაქვს?


– არ ვიცი, როგორი ზაფხული მექნება, საზღვარგარეთაც ვარ დაპატიჟებული, რამდენიმე ძალიან კარგ ქვეყანაში, მაგრამ ჯერ არ მომიფიქრებია, როგორ მოვიქცევი.


– საქართველოში დასვენების დროს დისკომფორტს გიქმნის ყურადღების ცენტრში ყოფნა?


– არა. ძალიან მივეჩვიე და რამდენიმე წელია, გარეთ რომ გავდივარ, საკუთარ თავში ვბლოკავ იმის აღქმას, რომ ყველა მიყურებს. თითქოს მე მე არ ვარ და რაღაც მომენტებში ვბრუნდები ხოლმე რეალობაში (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ მაკომპლექსებს, რაც ვარ, ეს ვარ, არსად ვთამაშობ. არც განსაკუთრებულად ვემზადები, არც გამორჩეულად ვიცვამ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უბრალოდ, ჩემი პროფესიაა ისეთი, რომელსაც ცნობადობა მოჰყვება და ეს ძალიან მახარებს, რადგან დიდი სიყვარული ახლავს თან. 


ზოგჯერ მართლა არ მინდოდა ვინმეს ვეცნე ან საერთოდ ყურადღების ცენტრში აღმოვჩენილიყავი, ცუდ ხასიათზე ვინ არ ყოფილა, მაგრამ ამ დროს რომ ვინმე მოვა და ჩაგეხუტება, აბსოლუტურად ყველაფერი გავიწყდება და ბედნიერი ხარ. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ პოპულარობამ დაღალა.


– საკურორტო რომანები თუ არის შენი ზაფხულის განუყოფელი ნაწილი?


– რომანს როცა არქმევ, ეს უკვე სხვა რამეა, გართობა – სხვა. რომანები მქონია, მაგრამ ერთ დღეში არ დამთავრებულა. გართობის მხრივ, ერთდღიანი ემოციების მოზღვავებაც ყოფილა და ორკვირიანიც, მაგრამ ამას რომანს ვერ დავარქმევ. ერთჯერადი ურთიერთობები ბევრია, მაგრამ რომ ვთქვა, ზაფხულში ან ზამთარში ამით აუცილებლად ვკავდები-მეთქი, მართალი არ იქნება. ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება. გამიზნულად არავის ვეძებ. პირადი ურთიერთობები ჩემთვის იმდენად სათუთია, ზერელედ ვერ ვუყურებ.


– ცნობილი და წარმატებული ხარ, რაც ადამიანებისთვის მიმზიდველია. პირად ურთიერთობებში არ გიწევს სიფრთხილის გამოჩენა და ფიქრი იმაზე – ეს მეორე მხრიდან ნამდვილი გრძნობაა თუ შენი პლუსებისკენ მისწრაფება?


– მორიელი ვარ და არაჩვეულებრივი ინტუიცია მაქვს. მომენტალურად ვგრძნობ, ადამიანს რისთვის უნდა ჩემთან ურთიერთობა. 


ვიღაცისთვის ჩემთან ურთიერთობა ძალიან სასურველია, ვიღაცისთვის – ვისთანაც ცოტა ხანგრძლივი ურთიერთობა მქონია, გამაღიზიანებელიც. ზოგს მოსწონს, ზოგი კი ვერ ეგუება შენს პოპულარობას, ეჭვიანობენ ამის გამო. არავის გამო არ ვაპირებ ჩემს საქმეზე უარის თქმას. მით უმეტეს, ოჯახს არ შევქმნი ისეთ ადამიანთან, ვისაც ჩემი მდგომარეობა აღიზიანებს. ეს არის ჩემი პროფესია, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და ჩემი შრომით მიღწეულ მდგომარეობას სულელური ეჭვიანობების ან დამოკიდებულებების გამო არ დავთმობ. ამიტომ, რომ მეუბნებიან, 34 წლის ასაკში, რატომ არ ხარ შეუღლებულიო, ასე დეტალურად ხომ ვერ მოვუყვები ყველას, რომ ჯერჯერობით, ვერ შევხვდი ისეთ ადამიანს, ვინც ბოლომდე გამითავისა ჩემი პროფესიით. ისევე, როგორც მე ვერ გავითავისე ის თავის პროფესიით. ეს რთული საკითხია, როცა ვხედავ, რომ ურთიერთობაში დიდი გაურკვევლობებია, მერე ჩემდა უნებურად დასასრულისკენ მივდივარ. 


რატომ უნდა იჩხუბო, როცა ხვდები, რომ ერთმანეთს ვერ უგებთ? მერე საქმის გარჩევა მე არ მჩვევია, ამიტომ მირჩევნია, მარტივად დავასრულო. ჩემს პირადი ცხოვრებას ნამდვილად ვერ მოვაწყობ სხვის ჭკუაზე. ის, რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, უკვე დროა, დავქორწინდე, ჩემზე არ მოქმედებს, რადგან მათი ჩარჩოებით ვერ ვიცხოვრებ. მე არავის ვუწესებ ჩარჩოებს პირად ცხოვრებაში და მგონია, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება უნდა გვქონდეს.


წყარო: თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი