მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, აპლიკანტებს, რომლებსაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩაუტარდათ

14 Aug 2021 11:07

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, კოვიდ-19-ის მიზეზით არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა. გამოცდები 2021-ის მიმდინარეობა მინისტრმა შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით წარიმართა.


მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ წლევანდელი გამოცდები, გასული წლის მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ჩატარდა. ჩვენი გუნდი მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა, რათა საგამოცდო პროცესი ყოფილიყო უსაფრთხო და თითოეული აპლიკანტის ინტერესებზე მორგებული.


მიუხედავად პანდემიისა, ყველა აპლიკანტს მივეცით შესაძლებლობა, გამოცდებზე საკუთარი ცოდნა გამოევლინა. როგორც მოგეხსენებათ, კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა. საგანგებოდ მათთვის, ვისაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდა, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩავატარეთ.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, უსაფრთხო ვითარებაში წარიმართა.


მინდა, მადლობა გადავუხადო საგამოცდო პროცესის ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ხოლო აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის მაძიებლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზებაში“.




კომენტარები:

ფართი შოპი