საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად, სპეციალური თვითმფრინავი გაიგზავნება. პრემიერის დავალების შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები, პარალელურად, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი დახმარებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თელავის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებას იწყებს. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ფარგლებში, 79-კილომეტრიანი ქსელი მოეწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 არსებულ ჭაბურღილს, დამატებით მოეწყობა 3 ახალი ჭაბურღილი და რეზერვუარები. პროექტის ღირებულება 24 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალ წელს, თელავს გამართული წყალმომარაგების სისტემა ექნება.ასევე, რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის მეთაურს სხდომაზე შუალედური ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ პირველი შედეგები უკვე სექტემბრის ბოლოს იქნება. პროგრამის ფარგლებში სრულად განახლდება, როგორც კულტურული და ისტორიული ძეგლები, ასევე რეკრეაციული სივრცეები.