საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში მიმდინარეობს

16 Aug 2021 17:31

კომისიის წევრები საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აცნობენ. პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სალვა პაპუაშვილმა განმარტა,  პროექტით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.

 

„4 ძირითადი ცვლილებაა: საარჩევნო  ბარიერის დაწევა 2%-მდე შემდეგი 2 არჩევნებისას; ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობის შემცირება 4 წევრამდე; 2024 წლამდე თუ  არჩევნები ჩატარდება,  ეს მოხდება  სრულად პროპორციული წესით 2%-იანი ბარიერის პირობებში და გენერალური პროკურორის არჩევა  სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


კონსტიტუციური კანონპროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით, 29 ივნისს დაინიცირდა. ორპუნქტიან საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი „ქართული ოცნების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „მოქალაქეების“ და „გირჩის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს. კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი შარლ მიშელის ეგიდით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს.


კომენტარები:

ფართი შოპი