„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, რეალური არჩევანი ყოველთვის იყო ნაკლები. კონკურენცია, რომელიც იბადება პარტიებს შორის, ოდესღაც შექმნის კარგ და სამართლიან წესრიგს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს. მას საარჩევნო ბარიერის დაწევა, მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებად მიაჩნია. იაგო ხვიჩიას თქმით, პარტიებს შორის კონკურენციის არარსებობა მრავალ პრობლემას აჩენდა.
„თუ შენ პოლიტიკური აქტივობის დაწყება გსურდა, აუცილებლად უნდა მისულიყავი რომელიმე დიდ პარტიასთან, მის წესებს მორგებოდი, მისიანი გამხდარიყავი და ისე შესულიყავი პოლიტიკაში, რაც კლავდა იმ მრავალფეროვნებას, რაც ასე საჭიროა ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.