ირაკლი ზარქუა - პენსიების მომსახურებაზე სატენდერო კომისია შეიქმნება, ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული, მთავარია, მისაღები საპროცენტო განაკვეთი იყოს

16 Aug 2021 18:15

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სატენდერო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას შეუდგა.


როგორც ზარქუა აღნიშნავს, მთავარია იყოს მოქნილი პირობები და პენსიონერებისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთი.


„იცით, პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა სატენდერო კომისია პენსიების მომსახურებაზე. პარლამენტიდან, ჩვენი მხრიდან იყო დაინტერესება, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ შევთანხმდით „ლიბერთი“ ბანკთან, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2022 წლის დეკემბრამდე იყო, დროზე ადრე შეწყდებოდა, რადგან გამოცხადებულიყო უფრო ახალი პირობებით, ახალი მოქნილი ტარიფებით, დაბალი პროცენტი და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა. 


ოპოზიციიდან ესწრებოდნენ ელისაშვილი და მანჯგალაძე, თუმცა, ოპოზიციიდან ყველა იყო მოწვეული და შესაბამისად, საქმის კურსში. კომისია შეუდგა მუშაობას და უახლოეს პერიოდში ისევ შევიკრიბებით, სადაც სატენდერო პირობები და ტექნიკური დავალება იქნება მიღებული, თუ რა პირობებით შეირჩევა უკვე მიმდინარე წელს ახალი გამარჯვებული.


ვნახოთ, ვინ იქნება, მთავარია იყოს შესაბამისად მოქნილი პირობები და პენსიონერებისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთი, შედარებით დაბალი. აქ არის, რომ საბაზრო პროცენტებთან მიმართებით იყოს ახლოს და არა ძალიან აცდენილი. ასევე იყოს მოქნილი გარკვეული პირობები, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული პენსიონერების მდგომარეობა, შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სამუშაო ჯგუფია. მთავარია, რომ შედგა მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.




კომენტარები:

ფართი შოპი