საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში გაიმართა

16 Aug 2021 18:56

კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გააცნეს. პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პროექტით მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.„4 ძირითადი ცვლილებაა: საარჩევნო ბარიერის დაწევა 2%-მდე შემდეგი 2 არჩევნებისას; 


ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობის შემცირება 4 წევრამდე;2024 წლამდე თუ  არჩევნები ჩატარდება, ეს მოხდება სრულად პროპორციული წესით 2%-იანი ბარიერის პირობებში და გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. 


თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების, ლევან იოსელიანის, თეონა აქუბარდიას, ფრიდონ ინჯიას, იაგო ხვიჩიას მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს ისეთი საარჩევნო ბარიერი, რომლის გადალახვასაც შეძლებენ ახალი, მცირე პარტიები. „ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა სოციალური ჯგუფის ხმა ისმოდეს პარლამენტში და მთავარი დისკუსია ხდებოდეს  სწორედ პარლამენტში და არა პარლამენტის გარეთ“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, სახელისუფლებო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ერთობლივი ინიცირებით მსგავსი ცვლილებების პროექტი უპრეცედენტოა.


„კონსტიტუციური პროექტის შექმნამდე, შეჯერებამდე ძალიან სერიოზული საუბრები და კონსულტაციები გვქონდა, რომლის შედეგადაც ისეთი პროდუქტი მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებების სახით, რომელიც ბევრი არ გვქონია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ სახელისუფლებო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ერთობლივი ინიცირებით თითქმის არ მახსენდება ცვლილებების პროექტი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 


საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესზე იმსჯელეს. 

„მნიშვნელოვანია, გაჩნდეს უმრავლესობისა და ოპოზიციის კონსენსუსის შესაძლებლობა ,რათა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოვილაპარაკოთ ისეთ კანდიდატურაზე, რომელსაც ექნება მრავალპარტიული მხარდაჭერა“, -განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 



კომისიის წევრებმა საზოგადოების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხეს. კითხვის დასმის საშუალება ჰქონდათ როგორც დარბაზში დამსწრე საზედაოებსა ასევე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა, პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით. კითხვები, ძირითადად, 2%-იან საარჩევნო ბარიერს, პარტიების გაძლიერებას, გენერალური პროკურორის არჩევის წესს და ვადებს ეხებოდა. კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აქტიურადაა ჩართული განხილვის პროცესში. „კონსტიტუციური ცვლილება მნიშვნელოვანი პროცესია, ამასთან, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაცაა. კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ღრმად დემოკრატიული იდეა დევს - დეპუტატებმა, რომლებმაც კენჭისყრისას ხმა უნდა მივცეთ პროექტს, ვიცოდეთ თითოეული მოქალაქის მოსაზრება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საკონსტიტუციო კანონის პროექტის შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა 17 აგვისტოს,12:00 საათზე თბილისში, საქართველოს პარლამენტში გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი