რატომ დაიხურა ამ ახალი შეზღუდვების დროს მხოლოდ ჩვენი სექტორი, ამაზე პასუხი არავისგან არ გვაქვს - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
გიორგი მთიულიშვილის თქმით, ის რომ, ბავშვთა გასართობი ცენტრები დაიხურა, არასამართლიანია, რადგან შრომის ინსპექციის მხრიდან, მათ მიერ წესების დაცვა უმაღლესი ქულით ფასდებოდა.
,,ჩვენი სექტორი ამ შეზღუდვების შედეგად სრულად ჩაიკეტა. ტრანსპორტის გარდა, ჩვენ ვართ ერთადერთი, ვისაც ფუნქციონირების უფლება აღარ აქვს. ასე იყო სულ ამ ორი წლის განმავლობაში - პირველს გვკეტავდნენ და ბოლოს გვხსნიდნენ. ჩვენ დაგვბრალდა კოვიდის გავრცელება მთელს ქვეყანაში, არადა ჩვენ მუდმივად გვამოწმებდა შრომის ინსპექცია და წესების დაცვას აფასებდა უმაღლესი ქულით. არ გვქონია არცერთი დაჯარიმება და გაფრთხილება. თავად, შრომის ინსპექციასთან გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია და მათაც არ იცოდნენ, რომ ჩვენ ჩაგვკეტავდნენ. პასუხი ამაზე არ გვაქვს არავის მხრიდან, რატომ დაიხურა მხოლოდ ჩვენი სექტორი. ის რომ, სახელმწიფომ ვერ მართა პანდემია, ჩვენ დაგვბრალდა.
შედეგად, 80 ობიექტი დაიხურა და 2 500 ადამიანი დარჩა უმუშევრად. ამ ეტაპზე გვეუბნებიან, რომ ეს გაგრძელდება 4 სექტემბრამდე, თუმცა რამდენად რეალურია ეს ვადები და გვაქვს თუ არა ამის გარანტია, პასუხი არც ამაზე არსებობს“-ამბობს მთიულიშვილი.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა ფუნქციონირება ერთწლიანი დახურვის შემდეგ, მხოლოდ 1-ლი აპრილიდან განაახლეს. ამჯერად კი მათ მუშაობის უფლება 14 აგვისტოდან 4 სექრემბრამდე შეეზღუდათ.
ipn.ge